ახალი ამბები
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა დღეიდან ამოქმედდა
FaceBook
"საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებები 1 ივლისიდან ამოქმედდა.
ცვლილებების მიხედვით, მძღოლს მართვის მოწმობაზე ლიმიტირებული 100 ქულა ექნება, რომლის ერთი წლის განმავლობაში განულების შემთხვევაში, მოწმობის ასაღებად გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწევს.

ყოველ დარღვევაზე მძღოლს მართვის მოწმობაზე სამართალდარღვევის შესაბამისი რაოდენობის ქულა დააკლდება.
ქულების შემცირებას საგზაო მოძრაობის 50 -ზე მეტი წესის დარღვევა გამოიწვევს.

მათ შორის, ყველაზე მაღალი 40 ქულა დააკლდება მძღოლს, თუ იგი ავტომობილს სამართავად გადასცემს წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირის.

სამართალდარღვევისთვის ყველაზე მცირე 5 ქულაა, რაც მძღოლს ღვედის გამოუყენებლობისთვის დააკლდება.

ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა მიხედვით ქულათა შემცირების სისტემა ასეთია:

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის - 30 ქულა, ხოლო, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – 40 ქულა.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია სავალდებულო პერიოდული ტესტირება, ჯარიმდება 15 ქულით.

მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 5 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – 15 ქულა.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით – 5 ქულა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი – 20 ქულა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება 15 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – 20 ქულა.

სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა.

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა – 5 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი – 10 ქულა.

მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, დარღვევა 15 ქულა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა. 

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – 30 ქულა.

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა – 20 ქულა.

ვრცლად იხილეთ  ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი.
Print