ახალი ამბები
IDFI - უსაფრთოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 4 წელიწადში საქართველოში 321 651 პირი დაჯარიმდა
FaceBook
უსაფრთოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 2013-2016 წლებში საქართველოში 321 651 პირი დაჯარიმდა.

ამ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ IDFI ავრცელებს.

ორგანიზაციამ საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა, კვლევა მოამზადა. მისი მიზანი, 2013-2016 წლების ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების პრევენციის მიზნით, არსებული საჯარიმო პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლაა.

კვლევის თანახმად, 2013 წლის შემდეგ უსაფრთოების ღვედის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იკლებს.

იხილეთ ინფოგრაფიკა:


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ 2013 წლის შემდეგ, ამ სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებულთა რაოდენობის ყოველწლიური კლება, შესაძლებელია, უსაფრთხოების ღვედის გამოყენების მნიშვნელობაზე მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით იყოს განპირობებული.

„თუმცა, 3 წლიან პერიოდში დაჯარიმებულთა რაოდენობის განახევრება აჩენს ეჭვებს, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან კონტროლი შესუსტებულია,“ - ამბობენ ორგანიზაციაში.

IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაში ბოლო 4 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების გამკაცრების თუ შერბილების შედეგად დამდგარი ეფექტის ანალიზია წარმოდგენილი.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კვლევა 2017 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე (მართვის მოწმობის ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება,სიჩქარის მოძრავი დეტექტორები და სხვა), მოსალოდნელი შედეგების შეფასებაში დაეხმარებათ.

საქართველოში მძღოლის და მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება სავალდებულო 2010 წლის შემდეგ გახდა. მისი არ შესრულებისთვის ჯარიმა 40 ლარია.


Print