ახალი ამბები
ქუთაისში შშმ პირებისა და ტაქსებისთვის პარკირების ადგილები, შესაძლოა, ფერადად დაიხაზოს
FaceBook
ქუთაისში შშმ პირებისა და ტაქსებისთვის განკუთვნილი ადგილები, შესაძლოა, სხვადასხვა ფერში დაიხაზოს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ შპს "პარკინგსერვისმა" მიიღო.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კონკრეტული დანიშნულების მქონე ადგილებს, იმის გამო, რომ ისინი ვიზუალურად მკვეთრად გამორჩეული არ არის, ის მძღოლები იყენებენ, ვისთვისაც ეს ადგილები არ არის განკუთვნილი.

"დანარჩენი ადგილებისგან შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილი მხოლოდ ლოგოთი განსხვავდება, რომელიც ისეთივე ფერისაა, როგორც პარკირების ხაზი. როცა იქ ავტომობილი დგება, ვერც მიხვდები არის თუ არა შშმ პირის ადგილი. ამიტომ, ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ განსხვავებული ფერით დავხაზავთ შშმ პირების და ასევე, ტაქსების ადგილებს და არა მხოლოდ ლოგოს, არამედ მთლიანად შევღებავთ იმ კონკრეტულ ადგილს. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტიც იქნება. როცა ხედავ, რომ მარტო შენ დგახარ პირობითად, ლურჯ ან ყვითლად შეღებილ ადგილზე, მეორედ ამას აღარა გააკეთებ", – ამბობს "პარკინგსერვისის" დირექტორი, ირაკლი სარიშვილი.

"პარკინგსერვისში" უკვე არჩევენ შშმ პირებისა და ტაქსების საპარკინგე ადგილების შესაღებ ფერებს. სავარაუდოდ, შშმ პირების ადგილი ლურჯად შეიღებება, ხოლო ტაქსებისთვის განკუთვნილი სადგომები ყვითლად.

ქუთაისში სულ 274 ლოკაცია, სადაც ავტომობილის დაპარკინგებაა შესაძლებელი. ჯამში კი, ქალაქის მასშტაბით პარკირების ადგილი 3500–მდე ავტომობილისთვისაა დახაზული.

Print