ახალი ამბები
"არ მინდა ასეთ სიბინძურეში მოვკვდე"- დევნილი ქალი დახმარებას ითხოვს
FaceBook
აფხაზეთიდან დევნილი, ლარისა ჯომიდავა, რომელიც ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში 24 წლია ცხოვრობს, იმ  სარეიტინგო ქულას აპროტეტებს, რის გამოც,  ბინის მიღება ვერ შეძლო. საუბარია, დევნილთა სარეიტინგო ქულაზე  რომელიც მათ შესაბამისი სამინისტროს მიერ ბინის მისაღებად ენიჭებათ.

59 წლის ლარისა ჯომიდავა ოჯახთან ერთად  მძიმე პირობებში ცხოვრობს.

ის ოჩამჩირის რაიონის, სოფელ კოჩარადანაა. 24 წლის წინ აფხაზეთიდან ომს გადაურჩა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მისი ყოველდღიურობა ომისგან დიდად არ განსხვავდება. მისი თქმით, ოჯახის შემოსავალი დევნილის 45 ლარიანი შემწეობაა, რომელიც თვეში, საერთო ჯამში, 180 ლარი შეადგენს.  

ჯომიდავების ოჯახში იმყოფებოდა დღეს პარტია"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია და პარტიის ლიდერი, კახა კუკავა, რომლებმაც ხელისუფლებას აფხაზი ხალხის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდეს.

"მინდა ვთხოვო ბატონ სერგეენკოს და სუბარსაც, მოვიდნენ და თვითონ დაათვალიერონ ეს ოთახი და თავად განსაზღვრონ სწორად მოიქცნენ თუ არა მათი თანამშრომლები ამ ოჯახს სამი ქულა როცა მიანიჭეს", - ამბობს კახა კუკავა. 

რა პირობებში ცხოვრობს ჯომიდავების ოთხსულიანი ოჯახი ერთ ოთახში ნახეთ ვიდეო. 

დევნილთა და განსახლების სამინიტროს ქუთაისის შტაბში განმარტავენ, რომ ლარისა ჯომიდავას არ აქვს წარმოდგენილი ის დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტულ კრიტერიუმებში მას ქულებს მიანიჭებს. გიორგი სანთელაძის თქმით, თუ ლარისა ჯომიდავას სოციალური დახმარება აღუდგება და შესაბამის საბუთებს წარმოადგენს, შესაძლებელია, არსებული ქულა შეიცვალოს. 

"ეს ხალხი კრიტერიუმების შესაბამისად თუ საჭირო ქულებს დააგროვებს, ახალ მშენებარე კორპუსებში გათვალისწინებული იქნებიან", - ამბობს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, გიორგი სანთელაძე.


ამავე თემაზე:

ოთხსულიანი დევნილი ოჯახის ცხოვრება ერთ ოთახში (ვიდეო)
Print