ახალი ამბები
"უკვე ცხრა მანქანა დაიმტვრა "- გოგი წულაია ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე არსებულ ორმოებზე
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ორმოების გამო შექმნილ საავარიო სიტუაციას პარტია "თავუსუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია აპროტესტებს.

მისი თქმით, ტერიტორიაზე შესაბამისი ნიშნის არ არსებობამ ცხრა ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია.

"გიწერიათ, რომ უნდა უზრუნველყოთ მოძრაობისათვის საჭირო გარემო. მარტო ჯარიმებია თქვენი საქმე? ეს არაა თქვენი საქმე? როგორ მიმტკიცებთ იმას, რომ ქულები შემოოიღეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერი. რაც მე ვიცი, უკვე ცხრა მანქანა დაიმტვრა. სანამ მსხვერპლით არ დამთავრდება არ უნდა გააკეთოთ?", - ამბობს გოგი წულაია.

მან გამაფრთხილებელი ნიშანი თვითონ დაამზადა და ადგილზე დაამონტაჟა.

ნიკეას ქუჩაზე  ცენტრალურ ნაწილში ორმოები "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენლებმა ამოთხარეს. მათი თქმით, ამის გაკეთება სასმელი წყლის მილის ურდულის დარეგულირების მიზნით მოხდა, რადგან ნიკეას ქუჩაზე  მოსახლეობას წყალი დაბალი წნევით მიწოდება. რაც შეეხება, ორმოს ღიად დატოვებას,  შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია მოძრაობს, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოებას არეგულირებს. რაც შეეხება, ნიშნების დამონტაჟებას, მათივე თქმით, ის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მონტაჟდება.

გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ზაფხულის პერიოდში, მოსახლეობის მხრიდან, წყლის მოხმარების ზრდასთან ერთად, წნევა იკლებს, სტაბილური წნევის შესანარჩუნებლად კი საჭირო ხდება ქსელებზე დამატებითი რეგულაციების განხორციელება.

"ქუჩაზე ახლა სარქველების ამოწევის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ასფალტის დაგებამდე წინსწრებით გავაკეთეთ ეს სამუშაოები, მერე მოხდა ასფალტის გადაგება. ახლა სარქველები უნდა ამოიწიოს. ჩვეულებრივად გასწორდება ასფალტი საფართან მიმართებაში", - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში, ზაზა სიხარულიძე.

კომპანია ზემოთ აღნიშნული სამუშაოების უახლოეს პერიოდში დასრულების პირობას დებს.


ნიკეას ქუჩა


ნიკეას ქუჩაზე გზის საფარს რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაზეც "მუნიციპალური განვითარების ფონდიდან" სულ 7 200 000 ლარი დაიხარჯა.
Print