ახალი ამბები
ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა უარი ქუთაისის მერს
FaceBook
28 ივნისს, ქუთაისის საკრებულოს სხდომის განახლების შემდეგ, რომელიც ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტის გამო შეწყდა, მხარეებს პოზიციები არ შეუცვლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ ბუხაიძის ქუჩის N 17– სა და N 19 კორპუსების წინ  კაფე–ბარის მშენებლობის ნებართვას არ გასცემს, მათ ქალაქის მერის, შოთა მურღულიასი არ სჯერათ.

ისინი არც მემორანდუმის გაფორმების შესახებ შეთავაზებას ეთანხმებიან, რომლის მიხედვითაც, მხარეები თანხმდებიან, რომ ადგილზე კომერციული ობიექტი არ აშენდება.

ბუხაიაძის ქუჩის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მერია კაფე–ბარ "ფლამინგოს" მეპატრონეს, რომელსაც მათი კორპუსების წინ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული, ადრე თუ გვიან მშენებლობის ნებართვას მისცემს. მემორანდუმი კი შემაკავებელი ძალა ვერ გახდება. სწორედ ამ მოტივით, ისინი მემორანდუმზე ხელის მოწერას არ აპირებენ და "ფლამინგოსთვის" იჯარის გაუქმებას ითხოვენ.

"ამ მემორანდუმს არ აქვს არანაირი ძალა. ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია და ვიცით, რომ როცა მოუნდება მერიას მაშინ მისცემს მას მშენებლობის უფლებას, რადგან "ფლამინგოს" საჯარო რეესტრის მონაცემებით 25 წლიანი უფლება აქვს ამ ტერიტორიაზე. მოიხსნას ჯერ ეს უფლება და მერე მოვაწერთ ხელს მემორანდუმს", – ამბობს ბუხაიძის N17–ში მცხოვრები, რამაზ ხაბაზიანი.

ქუთაისის მერიამ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მემორანდუმის გაფორმება თავად შესთავაზა და ხელმოსაწერად მერიაში მისვლაც სთხოვა, თუმცა, უარი მიიღო.

შოთა მურღულია საკითხს პოლიტიზირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი კონკრეტულ ადამიანებს შეცდომაში შეჰყავს.

"ჩემს ხელმოწერას როგორ არ ექნება იურიდიული ძალა? ეს არის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელსაც ყველა მოვაწერთ ხელს და როგორ შევცვლი? სხვა თუ იქნება ქალაქის მერი, მას წინა მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მემკვიდრეობად ერგება, ისევე, როგორც მე მერგო. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურად იმდენად უნდათ ამ თემის ანგაჟირება, რომ ეუბნებიან არ მოაწეროთ ხელი, ჯობია ვიყვიროთო", – ამბობს შოთა მურღულია.

მისივე თქმით, გარდა პოლიტიკური მოტივისა, იმ ადგილზე პირადი ინტერესიც არსებობს. კერძოდ, მისი თქმით, ბუხაიძის N 17–სა N 19–ის წინ, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას N19 კორპუსის ერთ–ერთი მოქალაქე ითხოვდა. მშენებლობის მოწინაღმდეგეები კი ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ადგილზე მშენებლობას არც ამ შემთხვევაში დაუშვებენ.

მათ მერის არც იმ პირობის სჯერათ, რომლის მიხედვითაც "ფლამინგო" იჯარის ხელშეკრულებას მას შემდეგ გააუქმებს, რაც მისი კაფესთვის ალტერნატიული ფართი მოიძებნება.

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტს საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ყანჩელმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, სხდომა შეწყვიტა და შესვენება გამოაცხადა.

კაფე-ბარი "ფლამინგო" ამჟამად თამარ მეფის ქუჩაზე, "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა, კინოს შენობის მფლობელი მის გვერდით კაფე–ბარის არსებობას აპროტესტებს და ამბობს, რომ კინოს მანამდე არ გახსნის, ვიდრე "ფლამინგო" სხვა ადგილზე არ გადავა.

ამის გამო, ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" ალტერნატიულ ფართად, სადაც კაფეს მშენებლობას შეძლებს,  ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ეს ადგილი მათი სკვერია და იქ მშენებლობას არ დაუშვებენ. 

"ფლამინგოს" წარმომადგენლებსა და მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის 2 ივნისს ადგილზე მშენებლობის დასაწყებად "ფლამინგოს" წარმომადგენლები გამოჩდნენ.

რამდენიმე დღეში კი  ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და მშენებლობის ნებართვის გაუქმება მოითხოვეს.

"ფლამინგოს" ალტერნატიული ფართის ასარჩევად  ორი კვირა აქვს,რის შემდეგაც გაირკვევა იტყვის თუ არა ის უარს  იჯარის გაუქებაზე. 

ამავე თემაზე:

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს სარჩელი შეაქვთ

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა

Print