ახალი ამბები
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას საპროტესტო აქციით დახვდებიან
FaceBook
პრემიერ-მინისტრის მიერ, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, გეგუთში "Flora Westland"-ის მეპატრონე, ბადრი კილაძე საპროტესტო აქციას გამართავს.

ავტობანი სწორედ იმ ტერიტორიაზე გადის, სადაც ბადრი კილაძის კერძო საკუთრება იყო.

კილაძე, ავტობანის მშენებლობის გამო, მის საკუთრებაში არსებული ქონების დემონტაჟის სანაცვლოდ, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის რაოდენობას არ ეთანხმება.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტმა მისი რესტორანი, დარბაზი, ღია ბარი, ძეხვის საამქრო, სამაცივრე მეურნეობა, 20 ფაცხა, მარკეტი და პურის საცხობი, ჯამში 3651 კვ.მ 345 000 დოლარად შეაფასა, მაშინ, როცა მისი რეალური ღირებულება 1 200 000 დოლარია.

ბადრი კილაძე საქმეზე სასამართლოს დანიშვნას და მისი ქონების სანაცვლოდ, შესაფერის კომპენსაციას ითხოვს.

"სასამართლოს დანიშვნას ვერ მივაღწიე. 4 წელია ვიბრძვი იმისთვის, რომ პროცესი ჩაინიშნოს. ორჯერ შეიცვალა მოსამართლე და სხდომა დღემდე არ ჩატარებულა. არ მინდა, რომ ამ საქმემ ევროსასამართლოში გადაინაცვლოს. თუ მომეცემა შესაძლებლობა, შევხვდები პრემიერს. ზედა ეშელონებში, შესაძლოა, არც იციან ამ პრობლემის შესახებ და იქნებ, იმას მივაღწიო, რომ სასამართლო მაინც ჩატარდეს",- ამბობს ბადრი კილაძე.

ბადრი კილაძემ საპროტესტო აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართა, მაშინ, როცა მას შენობის დემონტაჟის მიზნით მის საკუთრებაში არსებული ობიექტის დაცლა მოსთხოვეს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში მაშინ აცხადებდნენ, რომ გზა, რომელსაც კერძო მესაკუთრის ფართზე უნდა გაევლო, სახელმწიფო მნიშვნელობის იყო, კილაძე კი შენობის დემონტაჟის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ფართი იმ მომენტისთვის უკვე საგზაო დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენდა.

სახელწიფოსა და კერძო პირს შორის დავით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", რომელიც საქმის შესწავლას არ გამორიცხავს.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი  გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის  გახსნაზე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს 15:30 საათზე ელოდებიან.
Print