ახალი ამბები
ქუთაისში უპატრონო საფლავების გაწმენდა დაიწყეს
FaceBook
ქუთაისში ნაგავსაყრელად ქცეული უპატრონოდ დარჩენილი საფლავების გაწმენდა დაიწყეს. დასუფთავებითი სამუშაოები "ქუთაისპოტზე" მასალის  - "შეურაცხყოფილია მიცვალებულები" - ქუთაისში საფლავების დასუფთავებას ითხოვენ გამოქვეყნების შემდეგ ხორციელდება.
გაწმენდით სამუშაოებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი შპს "ქართული ტრადიციები 2011" უზრუნველყოფს.

კომპანიაში განარტავენ, რომ უპატრონოდ დარჩენილი სასაფლაოების მოწესრიგება ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ. თუმცა, მათი დასუფთავება ამ დრომდე ფიზიკური და ფინანსური რესურსების სიმცირის გამო ვერ მოხერხდა.


შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ში ასევე განგვიმარტეს,  რომ სასაფლაოს მოვლა-პატრონობა მხოლოდ საფლავის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. თუმცა, მოქალაქეთა ინტერესისა და ზეპირი მიმართვიანობის გათვალისწინებით, უპატრონოდ დარჩენილი სასაფლაოების წმენდა მათი მხრიდან ამჟამად კეთილი ნების საფუძველზე ხორციელდება.

"ძირითადად გორაკები არის ისეთ ადგილებზე, სადაც ვერ ხერხდება სპეცტექნიკის შეყვანა ცენტრალური გზიდან, დიდი დაშორებისა და სასაფლაოების მჭიდრო განლაგების გამო. ასევე, ანალოგიური გორაკები არსებობს თითქმის ყველა სასაფლაოზე და საჭიროებს დიდ ფიზიკური რესურსს," - ამბობენ კომპანიში.

მათივე ცნობით, სპეციალური ჯგუფის მიერ უკვე შეფასებულია მიტოვებული სასაფლაოების გაწმენდის სამუშაოების თვითღირებულება, რაც დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენს.

"მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენს მიერ, რომელსაც განიხილავს თვითმმართველი ქუთაისის საკრებულო. კერძოდ, კომპანიის სასაფლაოთა დასუფთავების პროექტის საფუძველზე ხელშეკრულებათა რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდის შედეგად, შემუშავებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გარკვეული თანხის მოხმარება. თუმცა შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" საკრებულოს მიერ ინიციატივის განხილვამდე ცდილობს შეასრულოს გარკვეული სამუშაოები და ეტაპობრივად ხდება მიტოვებულ სასაფლაოზე არსებული ნაგვის გორაკების გაწმენდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით," - განმარტავენ შპს "ქართული ტრადიციები 2011" - ში.

ქუთაისში ნაგავსაყრელად ქცეული 17 საფლავია აღრიცხული.

პატრონის გარეშე დარჩენილი საფლავები ნაგავსაყრელადაა ქცეული.

საფლავები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითა და გამხმარი თაიგულებით იმდენად დაფარულია, რომ გარდაცვლილთა ვინაობის გარკვევა შეუძლებელია.


ამავე თემაზე:

"შეურაცხყოფილია მიცვალებულები" - ქუთაისში საფლავების დასუფთავებას ითხოვენ




Print