ახალი ამბები
ქუთაისის მერია ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის პროექტის მომზადებს იწყებს
FaceBook
ქუთაისის მერია ოლიმპიური სტანდარტების  დახურული საცურაო აუზის პროექტის მომზადებას იწყებს. ამ მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ საცურაო აუზის რენდერის (პროექტის წინამოსამზადებელი დოკუმენტი, იგივე ნახატი, რომლის მიხედვით მერე მზადდება პროექტი- რედ.) მომზადებაზე ტენდერი გამოცხადა.  სახელმწიფო შესყიდვაზე (CNT170000061) დოკუმენტის საწყისი ღირებულება  2 000 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადების მიღება მიმდინარე წლის  2 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.

"ტენდერში  გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს სავარაუდო ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული და შიდა და გარე ვიზუალი და ასევე, შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია 4 (ოთხი) ეგზემპლარად ფერად ტონებში A3 ფორმატის სახით, სავარაუდო ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული და შიდა და გარე ვიზუალი და ასევე შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია ხელშეკრულების დადებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზის მშენებლობაზე ქალაქის მერმა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გააჟღერა.

იმ დროისთვის შოთა მურღულია ამბობდა, რომ მშენებლობას 5 მლნ ლარამდე თანხა დაჭირდებოდა.

მოგვიანებით, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცურაო აუზისთვის ყოფილი ლითოფონის ქარხნის ტერიტორია, სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ, შეთავაზებული რამდენიმე ადგილიდან, შეარჩია.

"ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზისთვისთვის საჭიროა 4000 კვ.მ. ხოლო ლოთოფონის ქარხნის მიმდებერად არსებული ტერიტორია 3 400 კვ.მ შეადგენს. მის მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამატებაც გახდა საჭირო," - განაცხადეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც კერძო მესაკუთრისთვის, ფართის დათმობის სანაცვლოდ, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობის გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.

ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზში რამდენიმე დახურული აუზი უნდა განთავსდეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მშენებლობისთვის საჭირო თანხა, ამჯერად, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.



Print