ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ სამედიცინო ნარჩენების დაყრისთვის კომპანია დაჯარიმდა
FaceBook
სამტრედიაში სამედიცინო ნარჩენების მიტოვებულ შენობაში შეგროვების ფაქტზე "ქუთაისიპოსტის" მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, კომპანია "ეკომედიქალ ჯგუფი" დაჯარიმეს. გარემოს დაცვის სამინიტროს ზედამხედველობის დეპარტანეტმა კომპნიას 1 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიტოვებულ შენობაში სამედიცინო ნარჩენების განთავსების შესახებ ინფორმაცია "ქუთაისიპოსტმა" 6 ივნისს მიაწოდა.

დეპარტამენტში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ სამტრედიაში დაფიქსირებულ ფაქტზე შესწავლას დაიწყებენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი 7 ივნისს გახდებოდა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით განმარტეს, ერთდღიანი მოკვლევა არ გახდა საკმარისი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს წარმოომადგენლობამ ფაქტის შესწავლა რამდენიმე დღის წინ დაასრულა და კომპანიას დამნაშავედ ცნო.

"ნარჩენების მართვის კოდექსის 36 - ე მუხლის მეორე ნაწილით დარღვეულია კანონი, რომელიც კრძალავს ტერიტორიის სახიფათო ნარჩენებით დაბინძურებას. ამ კანონის გაუთვალისწინებლობის გამო, კომპანია "ეკომედიქალ ჯგუფს" 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება," - განგვიმარტა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, თინათინ ჩაკვეტაძემ.

სამტრედიაში სამედიცინო ნარჩენების გატანას ორი კომპანია "ეკომედიქალ ჯგუფი" და "ეკომედი" უზრუნველყოფს. "ეკომედიქალ ჯგუფის" ხელმძღვანელი ელგუჯა კიკაჩეიშვილი ჩვენთან საუბარში ორი კვირის ირწმუნებოდა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს სამედიცინო ნარჩენები საავადმყოფოებიდან წესების დაცვით, ყოველდღირად, ხოლო თვეში ერთხელ თბილისში გაჰქონდათ. თუმცა, თბილისში წაღებამდე სად გადაქონდათ ეს ნარჩენები ამას არ აკონკრეტებდა.

ჩვენთან საუბარში მხოლოდ ის განმარტა, რომ კომპანია 8 თვის წინ დაფუძნდა და ჯერ ოფისი არ გააჩნიათ. თუმცა, ნარჩენების გადაზიდვისთვის საჭირო ტექნიკა ჰყავთ და სამედიცინო ნარჩენების გატანას წესების დაცვით ახორციელებენ.

ქუთაისიპოსტი დაჯარიმების შემდეგაც შეეცადა დაკავშირებოდა "ეკომედიქალ ჯგუფის" ხელმძღვანელს. თუმცა, ელგუჯა კიკაჩეიშვილმა ჩვენს სატელეფონოს ზარს არ უპასუხა.

რაც შეეხება, ჯარიმას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ კომპანიის მიმართ ამოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი განსახილველად სამტრედიის რაიონულ სასამართლოს უკვე გადაეგზავნა, რომელიც მიმდინარე კვირაში განიხილავს. სასამართლო კომპანიისთვის ჯარიმის დაკისრების საკითხს გადაწყვეტს.

ამავე თემაზე :

სამტრედიაში სამედიცინო ნარჩენებს მიტოვებულ შენობაში ყრიან - საქმეზე მოკვლევა დაიწყო

Print