ახალი ამბები
"გათვალისწინებული იყო ვაკანტური ადგილების ანაზღაურება“- ქუთაისის მერია მესამე ვიცე-მერის ხელფასზე
FaceBook
გრიგოლ დალაქიშვილი, რომელიც ქუთაისის მესამე ვიცე–მერის შტატზე დაინიშნა, ანაზღაურებას სახელფასო ფონდიდან მიიღებს. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ახალი შტატის დამატებით, სახელფასო ფონდი არ გაზრდილა და ბიუჯეტის შედგენისას შესაძლო ვაკანტური ადგილების ანაზღაურება გათვალისწინებული იყო.

"მერის მოადგილის შტატის დამატებით,ქუთაისის მერიაში სახელფასო ფონდი არ გაზრდილა, რადგან ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებული იყო ყველა შესაძლო ვაკანტური ადგილების ანაზღაურების საკითხი", – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ ქუთაისიპოსტისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

გრიგოლ დალაქიშვილის სახელფასო ანაზღაურება 2050 ლარს შეადგენს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერიის შრომის ანაზღაურების 2017 წლის ბიუჯეტი 3 210 00 ლარია. აქედან, ამ მომენტისთვის უკვე გახარჯულია 1 290 400 ლარი.

ქუთაისის მერს ამ დროისთვის სამი  მოადგილე ყავს. 2100 ლარი აქვს ხელფასი მერის პირველ მოადგილეს, ნოდარ მიქიაშვილს,  მერის მოადგილის, კოტე ქავთარაძის სახელფასო ანაზღაურება კი დალაქიშვილის მსგავსად 2050 ლარს შეადგენს.

გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისი მესამე ვიცე–მერად მიმდინარე წლის 5 ივნისს დაინიშნა.

დალაქიშვილმა  მერიის საბინაო სამსახური, ააიპ ბაგა-ბაღები, სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებები ჩაიბარა.

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ახალი ვიცე-მერის დანიშვნასთან დაკავშირებულ კითხვებს ქუთაისიპოსტთან საუბარში უპასუხა. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია დალაქიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინასაარჩევნოდ დანიშვნის შესახებ და განაცხადა, რომ    1 ივლისიდან "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის"ამოქმედების გამო, ქუთაისის მერიაში  დამატებითი რესურსი იყო  საჭირო. 

ქუთაისის მერიას მესამე ვიცე–მერის შტატის დამატებას კანონი არ ავალდებულებდა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მესამე ვიცე-მერის არასავალდებულო შტატი

"ქართული ოცნება" გრიგოლ დალაქიშვილს ქუთაისის ვიცე-მერად დანიშვნას ულოცავს

ქუთაისის მერიაში ვიცე-მერის მესამე შტატი დაემატა

"მაიძულეს თუ..." - შოთა მურღულია მესამე ვიცე-მერზე
Print