ახალი ამბები
კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია
FaceBook
"ტორპედოს" ახალი მფლობელი, კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას მამის,  მალხაზ ჩაჩავას კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მალხაზ ჩაჩავა შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსის" 100% იანი წილის მფლობელია 2017 წლის 11 მაისიდან. 

კომპანია მანამდე მის შვილს, "ტორპედოს" მოქმედ პრეზიდენტს, ზაალ ჩაჩავას ეკუთვნოდა, რომელმაც ის 2016 წლის 31 მაისს დააფუძნა.

აღსანიშნავია, რომ კლუბის პრეზიდენტი 25  კომპანიის მეწილეა, მათ შორის, "აჭარა ბეთის" 27%-იანი წილის მფლობელი, ხოლო მამამისი, მალხაზ ჩაჩავა, ქუთაისში ხის გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორი გახლავთ.

"ტორპედო" აუქციონზე "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა" 16 ივნისს, 300 000 ლარად შეიძინა.
ის ერთადერთი იყო, რომელმაც კლუბის შეძენის სურვილი ორი დღის წინ დააფიქსირა.

კლუბის საწყისი ფასი 295 000 ლარი იყო. ქუთაისის მერიამ "ტორპედო" აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში გასაყიდი ფასი 585 413 ლარი იყო, თუმცა მისი შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა.

აუქციონის პირობების მიხედვით,  ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში კი, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, კლუბში მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა ჩაიდოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფონდი შეწყვეტს "ტორპედოს" დაფინანსებას, ინვესტორმა კლუბის 1 500 000 ლარიანი ინვესტირების ვალდებულება მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აიღოს, იქნება ეს პირდაპირი ინვესტიცია თუ სპონსორი, რომელიც ასევე თავად უნდა მოიზიდოს.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის უკვე ნახევარი გასულია, ინვესტორი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრამდე, ასევე პირდაპირი ინვესტირების გზით, კლუბი სრული კალენდარული წლის ვალდებულებით, 500 000 ლარით დააფინანსოს.

შემსყიდველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა–აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება წელიწადში 100–200 ბავშვზე.

ინვესტორმა, ფონდის მონაწილეობით ასევე უნდა დააფინანსოს კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების შრომის ანაზღაურება, ფეხბურთელების შეძენის, საფეხბურთო კლუბის ბაზაზე სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხარჯები.

ქუთაისის მერიამ კლუბი 100%-იანი წილით გაყიდა, გარდა საწესდებო კაპიტალისა და აკ. ხორავას ქუჩა N1-ში არსებული ნაკვეთისა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გატანას მას შემდეგ გეგმავდა, რაც მის ახალ ინვესტორთან, ზაალ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და მან კლუბი დატოვა.

ჩაჩავა კლუბის პრეზიდენტად ერთი წლის წინ, 2016 წლის 10 ივნისს დაინიშნა. როგორც ინვესტორმა, მან კლუბი 2016 წლის 14 დეკემბერს დატოვა, თუმცა დღემდე პრეზიდენტად რჩება. 


ამავე თემაზე:

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა


Print