ახალი ამბები
"მოგვეშველეთ, გაიჩეხა ქალაქი!" - მოსახლეობა სკვერში კაფე-ბარის მშენებლობას ეწინააღმდეგება (ვიდეო)
FaceBook
"გამოდი, გამოდი", - ასე სკანდირებდნენ დღეს ქუთაისის მერიის წინ ნახევარი საათის განმავლობაში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები. ისინი ქალაქის მერთან, შოთა მურღულიასთან შეხვედრას და სკვერში კაფე-ბარი "ფლამინგოს" ჩადგმის ნებართვის გაუქმება მოითხოვდნენ.



ადგილობრივ თვითმმართველობაში  განმარტავენ, რომ  მერი ქალაქში არ იმყოფება. აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, პაატა ნადირაძე მივიდა, რომლებმაც ისინი მოსალაპარაკებლად  შენობაში შეიყვანეს. თუმცა, როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, მხარეებს შორის შეთანხება ვერ შედგა.

"მოსახლეობასთან იყო ჩვენის მხრიდან საუბარი, ახლა ველოდებით "ფლამინგოს" მხარეს, დაველაპარაკებით იმათაც და ამის შემდეგ გვექნება ბოლო ინფორმაცია. ჯერჯერობით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ მათ ვუთხარით რომ ორშაბათისთვის ექნებათ პასუხი", - ამბობს მერიის პრესამსახურის უფროსი, ეკა მამისეიშვილი. 

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები ორი კვირის წინ "ფლამინგოს" წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდნენ.

ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი - 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი, ბუხაიძის ქუჩაზე, 25 წლის ვადით გადასცა.

კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016 წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან ვერც დადებითი და ვერც  უარყოფითი პასუხი მიიღო, სასამართლოს მიმართა.

"უფრო მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.

"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი", - განაცხადა მიმდინარე წლის 29 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ "ფლამინგოს" ადგილსამყოფელზე. მისი თქმით, ინვესტორი ახალ კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე ამ ტერიტორიას ავტოსადგომის მოსაწყობად არ მიიღებს.

ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ ბიზნესმენზეა გაიჯარებული.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან


Print