ახალი ამბები
"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან
FaceBook
ამ  წუთებში ქუთაისის მერიის შენობის წინ  ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ.
"არა ხეების მოჭრას", "ისუნთქოს ქალაქმა"- ამ სლოგანით აქციის მონაწილეები ბუხაიძის ქუჩაზე კაფერ-ბარის "ფლამინგოს" მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ.

"მანადე არ წავალთ,  ვიდრე პასუხს არ მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, იტყვის თუ არა მერია უარს  "ფალმინგოს" ჩადგმაზე", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მერიის წინ შეკრებილებს  ქუთაისის საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წარმომადგენელი, ნატო ქათამაძე და "ევროპული საქართველოს" წევრი გია თევდორაძე შეუერთდნენ.

მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებთან შესახვედრად   ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიაქიშვილი მივიდა და აქციის მონაწილეები მოსალაპარაკებლად აიყვანა.

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები ორი კვირის წინ "ფლამინგოს" წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდნენ.

ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.

კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016 წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან ვერც დადებითი და ვერც  უარყოფითი პასუხი მიიღო, სასამართლოს მიმართა.

"უფრო მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.

"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი", - განაცხადა მიმდინარე წლის 29 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ. მისი თქმით, ინვესტორი ახალ კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე ამ ტერიტორიას ავტოსადგომის მოსაწყობად არ მიიღებს.

ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ ბიზნესმენზეა გაიჯარებული.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)



Print