ახალი ამბები
ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსიდან ბათქაში ცვივა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩა #37-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბათქაში ცვივა. საცხოვრებელ სახლს "თეთრ სახლს"  უწოდებენ.
ადგილობრივების თქმით, სახლის ფასადი და სადარბაზო წლების განმავლობაში მწყობრიდანაა გამოსული, ხოლო კედლებიდან ჩამოცვენილი ბათქაში გამვლელებს საფრთხეს უქმნის.

"სახლს აქვს ძველი ჩუქურთმები, რომელიც ცვივა. რამდენიმე დღის წინ სასწაულად გადაურჩა გამვლელი ადამიანი. 55 წლის ბინაა და არასოდეს ფასადი არ შეკეთებულა," - ამბობს კორპუსში მცხოვრები, ნინო ღლონტი.



გრიშაშვილის #37-ში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ქუთაისის მერიას ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა შედეგი ამ დრომდე არაა.

ამ საკითხზე ქუთაისიპოსტი ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, ფასადისა და სადარბაზოს კეთილმოწყობას მერიის ორი სხვადასხვა უწყება კურირებს.

ორივე მათგანში განგვიმარტეს, რომ ე.წ „თეთრი სახლიდან“ ადგილობრივ ხელისუფლებაში მომართვიანობა არ ყოფილა.

„კონკრეტული სახლიდან სადარბაზოს რეაბილიტაციის მოთხოვნით ოფიციალურად არ მოუმართავთ. მოვიდეს ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე, წარმოადგინოს პროექტი და თანადაფინანსების პრინციპით შესაძლებელია სადარბაზოს კეთილმოწყობა,“ - განმარტეს ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში.

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების კეთილმოწყობა პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში თანადაფინანსებით ხდება. თანხის 90%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი, ხოლო 10%-ს მოსახლეობა ფარავს.

რაც შეეხება, საცხოვრებელი კორპუსის ფასადებს, ამ საკითხს მერიის კეთილმოწყობის სამსახური კურირებს, სადაც განმარტეს, რომ ქალაქში ფასადების მასშტაბური რეაბილიტაცია თამარ მეფის ქუჩაზე იწყება, მომართვის შემთხვევაში კი გრიშაშვილის #37-ში მდებარე ე.წ „თეთრი სახლის“ ფასადის რეაბილიტაციაც მოხდება.

ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული საცხოვრებელი კორპუსია აღრიცხული. ზოგიერთ მათგანს ფასადი, ზოგს კი პარაპეტი აქვს ამორტიზებული.

მიმდინარე წელს საბიუჯეტო პროგრამა "კორპუსის" ბიუჯეტი წლის დასაწყისში 1 137 300 ლარი გახლდათ, თუმცა განხორციელებული მესამე საბიუჯეტო ცვლილების შედეგად ის 2 479 300 ლარი გახდა.

ქუთაისის ვიცე-მერის, კონსტანტინე ქავთარაძის განმარტებით, ცვლილება მოსახალეობის მხრიდან საცხოვრებელი კორპუსების გამაგრების მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობა კი დღის წესრიგში მიმდინარე წლის 13 მარტს, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დადგა, რა დროსაც კორპუსის სახურავიდან კედლის ჩამონგრევას 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.

Print