ვიდეო
ხიდები ქუთაისში, რომელთა უსაფრთხოებას არავინ ამოწმებს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ხიდების მდგრადობას, ამ დროისთვის არც ერთი ორგანიზაცია არ ახდენს.

ბოლოს ამ კუთხით შემოწმება ქალაქში არსებული 49 ხიდიდან მხოლოდ ორს, ავტოქარხნისა და ე.წ. სამტრედიის ხიდებს ჩაუტარდათ.

არქიტექტორი და ხიდების მშენებელი, გიორგი წულაძე ამბობს, რომ მათი მდგრადობა თავდაცვის სამინისტრომ, ხიდების სამხედრო დანიშნულების გამო, 4 წლის წინ შეამოწმა.

მისივე თქმით, ქუთაისში არსებული ხიდებიდან ყველაზე არადმგრადი თეთრი ხიდია. მისი რეაბილიტაცია ბოლოს 2011 წელს მოხდა. 
არქიტექტორი გიორგი წულაძე ამბობს, რომ მისი რეაბილიტაციის დროს თეთრი ხიდის რკინის კონსტრუქციებს ბევრი დეტალი მოაკლეს, რის გამოც მისი მდგრადობა საეჭვო გახდა.

თეთრ ხიდზე ავტომობილებით მოძრაობა წლების განმავლობაში აკრძალულია, თუმცა, მასზე ფეხით გადაადგილებაც მოქალაქეებში შიშს იწვევს.




სპეციალისტების განმარტებით, ხიდი საინჟინრო და არქიტექტურული ნაგებობაა, მისი უსაფრთხოებისა და მდგრადობის შემოწმება კი, პერიოდულად უნდა ხდებოდეს.

როგორც გაირკვა, საბჭოთა პერიოდში ხიდების მშენებლობასა და დაპროექტებას ორგანიზაცია „ხიდმშენი“ აწარმოებდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ხიდების შემოწმება კი მასზე სხვადასხვა წონის სატვირთო მანქანების მოძრაობით მოწმდებოდა. ამით ადგენდნენ თუ როგორი იყო ხიდის მდგრადობა და იყო თუ არა ის გადახრილი.

რაც შეეხება, ქუთაისში არსებულ ხიდებს, 2014 წელს მხოლოდ აღმაშენებლისა და რუსთაველის ხიდებს მოაჯირებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია ჩაუტარდათ. დამატებით, რუსთაველის ხიდზე ტროტუარიც მოეწყო.

ამ მიზნით მერიამ 2014 წლის მარტში 197 763 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA140008836) გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებულად შპს „გეგი“ გამოცხადდა. კომპანიამ სამუშაოების შესრულებაში 187 499 ლარი მოითხოვა. შეუსრულებელი ვალდებულებები გამო, მერიასა და შპს „გეგის“ შორის სამართლებრივი დავა დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლება მას, დარღვევებისა და სამუშაოების ვადაგადაცილების გამო, 163 000 ლარს ედავებოდა. თუმცა, მერიამ ეს თანხა ვერ მიიღო, რადგან კომპანიას ის არ გააჩნდა. მოგვიანებით, ხიდის რეაბილიტაცია სხვა კომპანიამ დაასრულა.

რუსთაველის, თეთრი და წითელი ხიდების განათებისთვის კი ქუთაისის მერიამ 223 300 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA160016862) გასულ წელს გამოაცხადა. სამუშაოების შედეგად, სამივე ხიდზე სხვადასხვ ფერის სანათები დამონტაჟდა, დამატებით თეთრ ხიდის მიმდებარედ კი თეთრი ქვები განათდა.

ამ დროისთვის ქუთაისში სულ 49 ხიდია. აქედან, მდინარე რიონზე 7 ხიდია, ორი გზაგამტარი - ე.წ სამტრედიისა და ავტოქარხნის ხიდებია, დარნარჩენი კი ქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. მათი უმეტესობა გასულ საუკუნეშია აგებული.

Print