ახალი ამბები
ქუთაისში "ფუდმარტის" წინ გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები, სუპერმარკეტ "ფუდმარტის" წინ გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, ამ ადგილზე გზა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელია.

"ოღონდ ამ გზას დაადგებოდეს საშველი და სხვა არაფერი გვინდა. ყოველ წუთში ცვივა მანქანები იმხელა ორმოებია უკვე. სამარცხვნოა ასეთი მდგომარეობა იყოს ქალაქის ცენტრში," - ამბობენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქში  გზის ორმოული შეკეთებისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოცხადდება და  რუსთაველის ქუჩაზე ამორტიზებული საფარის შეკეთება გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება.

ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების "ორმოული" შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (SPA170006602) თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 5 მაისს ერთხელ უკვე გამოაცხადა. ელექტრონული შესყიდვა, რომლის საწყისი ღირებულება 498 000 ლარი გახლდათ, უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერით ორი კომპანია - შპს "დაგი+" და "გზამშენ გრუპი" დაინტერესდა.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია არასრული დოკუმენტაციის გამო მიეცა.

შპს "დაგი+"-ში, რომელიც ადგილობრივი კომპანიაა, აცხადებენ, რომ მათ ექსპეტრიზის აუდიტორული დასკვნის წამროდგენა ვერ მოახერხეს.

"ძალიან დაბალი იყო ტენდერის ფასი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა ვერ მოგვცა, თანაც დოკუმენტაციის წარმოდგენის დრო იყო ძალიან მცირე, სამი დღე," - განგვიმარტა შპს "დაგი+"-ის ხელმძღვანელმა, გიგა ფალიანმა.

რაც შეეხება, შპს "გზამშენ გრუპს", მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან კომპანიის წარმომადგენელს ტელეფონი გათიშული აქვს.

ქუთაისში სუპერმარკეტ "ფუდმარტის" წინ გზის საფარის შეკეთება შპს "დაგი+"-მა გასულ წელსაც განახორციელა. სამუშაოები ორმოული შეკეთებების მესამე ეტაპის ფარგლებში შესრულდა, რისთვისაც მერიამ 2016 წელს 151 000 ლარი დახარჯა.


Print