ახალი ამბები
იმერეთში კაფეები და რესტორნები მოწმდება - დაჯარიმებულია 781 ბიზნესოპერატორი
FaceBook
ქუთაისში რესტორნები და კვების ობიექტები მოწმდება.

სახელმწიფო კონტროლი რესტორნებისა და კაფე-ბარების, ასევე მათი სამზარეულოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გადამოწმებას გულისხმობს.

ქუთაისში არსებულ კვების ობიექტებში განმარტავენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გადამოწმების მიზნით მათ ხშირად სტუმრობენ.

"ბოლოს ოთხი დღის წინ იყვნენ და ყველაფერი შეამოწმეს, საბედნიეროდ ჩვენს რესტორანში არ აღმოჩნდა დარღვევები," -   გვითხრეს რესტორან "სანაპიროში".

"ძალიან კარგია რომ ასეთი შემოწმებები მიმდინარეობს, ასე მუდმივად ფხიზლად იქნება ყველა, რომ სანიტარული წესები დაცული იყოს კვების ობიექტებში," - ამბობს კაფე-ბარ "რაფაელოს" მენეჯერი, თინათინ ყუბანეიშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს,  რომ კონტროლს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.

"მოწმდება პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, სურსათის ეტიკეტირება, ასევე ტემპერატურული რეჟიმი," -  განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

უწყებაში  ამბობენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად თუ რომელი კვების ობიექტი დაჯარიმდა სანიტარული ნორმების დარღვევის გამო, კონფიდენციალურია.

სააგენტოს წარმომადგენლების განმარტებით, ძირითდად შემოწმება ტურისტულად დატვირთულ ადგილებში ხდება. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოიტორინგს რესტორნებსა და კვების ობიექტებზე კონტროლი მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

2017 წლიდან მაისის თვის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქვეყნის მასშტაბით 3687 ინსპექტირება განახორციელეს. სააგენტოს ინფორმაციით,  სულ 781 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 127 ბიზნესოპერატორს.

Print