ახალი ამბები
"მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა" - ავთანდილ ხურციძის მიმართვა სოციალურ ქსელში
FaceBook
ქუთაისელი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის აშშ-ში დაკავებასთან დაკავშირებით, მისი ფეისბუკის გვერდზე ახლობლებისა და გულშემატკივრებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა. მსოფლიო ჩემპიონი მისი დაკავების ფაქტს გაუგებრობას უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ 8 ივლისს,  დაგეგმილი შეხვედრისთვის მომზადების შესაძლებლობა მიეცემა.

"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის.  მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას!"  - წერია მიმართვაში. 




ავთანდილ ხურციძე აშშ-ში მიმდინარე წლის 7 ივნისს დააკავეს.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია რუსულ-ქართული  დანაშაულებრივი ქსელის 33 წევრი, მათ შორის არიან ავთანდილ ხურციძე და კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი. 

დაკავებულებს  ბრალად ედებათ თაღლითობა და  ფულის გამოძალვა.

ქუთაისელი სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე  8 ივლისს WBO -ს ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა შეხვედროდა.

Print