ახალი ამბები
„ბუნებრივი აირის საბოლოო ტარიფზე მუშაობა მიმდინარეობს“ - სემეკი
FaceBook
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე მუშაობენ.
სემეკში ჯერჯერობით არ ადასტურებენ იგეგმება თუ არა ბუნებრივი აირის  ტარიფის ზრდა. თუმცა, ამბობენ, რომ შესაბამისი დეპარტამენტი საბოლოო ფასის განსაზღვრაზე მუშაობს.

"ამ საკითხის შესწავლა ჯერჯერობით არ დასრულებულა. დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ითვლის სატარიფო საკითხებს, ჯერ კიდევ მუშაობს. კომისიის სხდომაზე, დეპარტამენტის მიერ პროექტის სახით იქნება წარმოდგენილი მთლიანი ანალიზი და შემდეგ უკვე იქნება შესაძლებელი ამაზე მსჯელობა", – განუცხადეს ქუთაისიპოსტს უწყებაში.

ჯერჯერობით უცნობია როდის იგეგმება ბუნებრივი აირზე საბოლოო ტარიფის განსაზღვრა.

კომისიის სხდომა სემეკში 9 ივნისაა ჩანიშნული, თუმცა, უწყების ინფორმაციით, სხდომაზე მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს შორის დავის საკითხები განიხილება. მთავარი სხდომის ჩატარების თარიღი კი, სადაც ბუნებრივი აირის ტარიფზე მსჯელობა უნდა გაიმართოს, უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი, სავარუდოდ, რეგიონებში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დედაქალაქში, რაც განაწილების  ხარჯებით იქნება განპირობებული.

რამდენით შეიძლება შეიცვალოს სამომხმარებლო ტარიფი ბუნებრივ აირზე, უწყებაში ამაზე არ საუბრობენ.

Print