ახალი ამბები
მდინარე რიონის სანაპირო დაბინძურებულია - მოსახლეობა რესტორანს ადანაშაულებს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე რიონის სანაპირო დაბინძურებულია. მოსახლეობა მდინარის სანაპიროზე ნარჩენების გადაყრაში რესტორან "ჯაჭვის ხიდს" ადანაშაულებს, რომელიც  მიმდებარედ ფუნქციონირებს. ადგილობრივების თქმით, რესტორნის პირველ სართულზე მდებარე კაფე-ბარიდან ნარჩენები იყრება და ამასთანავე, ნარეცხი წყალი მდინარეში ჩადის.



"რესტორანი სანაპიროს გადმოყურებს. ადმინისტრაცია ბევრჯერ გავაფრთხილეთ, თხოვნითაც მივმართეთ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. წლებია უკვე ასე გრძელდება. მდინარეში დიდებიც ვბანაობთ და ბავშვებიც ჩამოგვყავს ხოლმე, სანაპიროზე გვაქვს მოწყობილი მაგიდა, სადაც ზაფხულში დასასვენებლად ჩამოვდივართ. რესტორნიდან  თავზე ჭურჭლის ნარეცხ და საჭმლის ნარჩენებიან წყალს გვასხამენ. ცხელ დღეებში აქ ეპიდემიის საფრთხე იქმნება," - აცხადებენ ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები.

რესტორანში "ჯაჭვის ხიდი" მათი მხრიდან მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურება ჩვენთან საუბარში უარყვეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე უარყოფენ იმას რომ   ჭურჭლის ნარეცხი წყალი მდინარეში ჩადის. 
თუმცა, ქუთაისიპოსტის გადაღებულ ფოტოზე დაფიქსირებულია ღია მილი, საიდანაც, სავარაუდოდ, ნარეცხი წყალი იღვრება. ამას ლერმონტოვის ქუჩის მოსახლეობაც ადასტურებს.




ამ პრობლემის შესახებ ჩვენ გარემოს ზედამხედველობის სამსახურს მივმართეთ. უწყებაში განმარტავენ, რომ პრობლემას არ იცნობენ, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, რეაგირებისა და მოკვლევის შესაძლებლობა მხოლოდ ადგილობრივების მიმართვის შემდეგ აქვთ.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას მსგავსი შემთხვევების გამოვლენისას მიმართონ, მათი მხრიდან კი ანონიმურობის გარანტია დაცული იქნება.

ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ საჩივრის დაწერას არ აპირებენ.

Print