ახალი ამბები
"თავისუფლება მასწავლებელს" - სამოქალაქო საზოგადოება დემირელის მასწავლებლის დაკავებაზე
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და დემირელის სკოლის წარმომადგენლებმა თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების ფაქტი გააპროტესტეს.   მუსტაფა ემრე ჩაბუქი მიმდინარე წლის 25 მაისს დააკავეს. მას ამ დროისთვის წინასწარი საექსტრადაციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი განმარტავს, რომ ემრე ჩაბუქისთვის გამოყენებული პატიმრობის ზომა დაუსაბუთებელია.

"როგორც პროკურატურას, ასევე, სასამართლოს შეეძლო სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება. ისეთი მაგალითად, როგორიცაა გირაო, მაგრამ, სამწუხაროდ აღნიშნული ამ ეტაპისთვის ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება არ იქნა გამოყენებული", - აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.

მისივე თქმით, ეს უგულვებელყოფს იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ამ მიმართულებითაა დადგენილი. გიორგი სანტურიანი აღნიშნავს, რომ თურქეთში საკმაოდ მაღალი რისკია იმისა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი სხვა არასათანადო მოპყრობას დაექვემდებაროს. ამიტომ, ის იუსტიციის სამინისტროსა და შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილების იმ საერთაშორისო პრინციპისა და გამოცდილების გათვალისწინებით მიღებას ურჩევს, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ითვალისწინებს.

ის ამბობს, რომ საექსტრადაციო პატიმრობის პერიოდში თურქეთის ხელისუფლებამ ყველა ის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანისთვის წარდგენილი ბრალდება საფუძვლიანია. მისივე თქმით, ჯერ ასეთი მასალები საქართველოს არ აქვს.

მუსტაფა ჩაბუქის დადებით პიროვნებააზე და საგანმანათლებლო კუთხით მის წვლილზე საუბრობენ მისი მეგობრები.

"ადამიანი, რომელიც ოცი წელია საგანმანათლებლო სისტემასა და პროექტებს ემსახურებოდა, გამოგონილი ბრალდებებით არის დაკავებული. მივმართავთ ხელისუფლებას სამართლებრიივ ბერკეტი გამოიყენონ და ესე უაპელაციოდ არ უნდა დაისაჯოს. სამართლებრივი დაცვა, სამწუხაროდ, იმ ჩიხშია, რომელი ჩიხიც ბევრ კითხვებს ტოვებს ", - ამბობს ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი, ნოდარ ჭუმბურიძე.

თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს მიმდინარე წლის 25 მაისს დააკავეს.

ის საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი. 2002-2007 წლებში ის ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში კი "ჩაღლარის" სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა ედება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

Print