ახალი ამბები
"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამავე ქუჩაზე კაფე-ბარი "ფლამინგოს" აშენებას აპროტესტებენ. კაფე-ბარის წარმომადგენლები სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით ადგილზე დღეს მივიდნენ, რასაც ადგილობრივების მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

"სუნთქვის უფლება არ უნდა დაგვიტოვონ? ჩვენ აქ სკვერს მოვაწყობთ და არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ უფლებას აქ რაიმე ჩაიდგას", - აცხადებენ ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები.  მათი თქმით, კვების ობიექტის მშენებლობას შესაძლოა ხეებიც შეეწიროს.




ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს  თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.

კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016 წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან ვერც  დადებითი  და ვერც  უარყოფითი პასუხი მიიღო, რის გამოც სასამართლოს მიმართა.

"უფრო მეტიც, ამ ხნის მანძილზე ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.

"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი", - განაცხადა მიმდინარე წლის 29 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ. მისი თქმით, ინვესტორი ახალ კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე ამ ტერიტორიას ავტოსადგომის მოსაწყობად არ მიიღებს.

ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ ბიზნესმენზეა გაიჯარებული.

Print