ახალი ამბები
"ჯარში გასაწვევ ახალგაზრდებს სუსით აშინებენ" -"გირჩი"
FaceBook
"გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ჯარში საყოველთაო გაწვევის დროს ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს. ცამციშვილი განმარტავს, რომ იმერეთის რეგიონში ახალგაზრდებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტიც  დაფიქსირდა. მისივე თქმით, გამწვევი კომისიები ამ ადამიანებს აშანტაჟებენ.      

"ზოგი სუს-ით, ზოგი პროკურატურით აშინებს. თავიდან ქუთაისში იყო ეს შემთხვევა, ჩვენი დახმარებით მოგვარდა ეს პრობლემა. მიმდინარე თვეში კი ბაღდათსა და სამტრედიაშიც დაფიქსირდა. პირადად მე რაც ვიცი ხუთი-ექვსი შემთხვევა იყო ასეთი რაც იმერეთში მოხდა", - ამბობს თემურ ცამციშვილი. 

მან ადგილობრივ თვითმმართველობასა და შესაბამის სამსახურებს მსგავსი პრაქტიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კონკრეტულად თუ ვის შეექმნა აღნიშნული პრობლემა "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ.

"ჯერ ამ ადამიანებს უნდა დავეკითხოთ უნდათ თუ რა მათი სახელების გაჟღერება", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

ახლმა პოლიტიკურმა  ცენტრმა რეგლიგიური ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. თემურ ცამციშვილის თქმით, მათ უკვე 450-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ. 

"გირჩის" რელიგიურმა ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 12 მაისის მონაცემებით ქუთაისში 50–მდე ადამიანი აკურთხა.
Print