ახალი ამბები
ვინ/რა ამარცხებს მშრომელებს? - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ვინ/რა ამარცხებს მშრომელებს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადნენ ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაზე.

შრომის კოდექსი, კანონით მინიჭებული უფლებები და რეალური ვითარება, რატომ ეწინააღდეგებიან შრომის ინსპექციის შექმნას? რა ვითარებაა ინდუსტრიულ ზონებში და ე.წ. მომსახურების სფეროში? ამ საკითხებზე ისაუბრეს მომხსენებლებმა შრომითი ურთიერთობების მკვლევარმა ოთარ გრიგოლიამ, სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელმა შოთო აზიკურმა, აუდიტორია 115-ის წევრმა ცოტნე ცხვედიანმა.

2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად საქართველოში დაიღუპა 414 ადამიანი, ხოლო 717 მძიმედ დაშავდა. აღნიშნული მონაცემები რეაგირებას მოითხოვს. თუმცა, სახელმწიფო და ბიზნესსექტორი პასუხისმგებლობას ირიდებს ცვლილებების გატარებასა და ქმედითი ინსტიტუტების ამოქმედბაზე., აღინიშნა შეხვედრაზე.

„შრომის უსაფრთხოების დაცვა, რომ დიდ ხარჯებს მოითხოვს საწარმოების მხრიდან და კომპანიებისთვის წაგების საშიშროებას შექმნის, სრული მითია“,- აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

მომხსენებლების ინფორმაციით, ადამიანი ცხოვრების 60- 70%- ს სამსახურში ატარებს, ამიტომ დიდ მნიშვნელობას იძენს გარემო, სადაც დასაქმებულს უწევს მუშაობა. მათი თქმით, პროფესიული დაავადებებით ყოველწლიურად იმაზე მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე უბედური შემთხვევით. უბრალოდ სტატისტიკა ამ მონაცემებს არ აჩვენებს.

"უსაფრთხოების დაცვისთვის საწარმოების ხარჯი შემოსავლების ზოგადად 0.4 პროცენტს შეადგენს, რაც მიზერული ხარჯია. მაგრამ დამსაქმებლებს ამ მიზერის გაღებაც არ უნდათ", - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

მომხსენებლები შეეხნენ წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ ეკონომიკურ მოდელს, რომელსაც ახლანდელი ხელისუფლებაც იზიარებს და პრინციპულს არაფერს ცვლის. დამკვიდრებულია ეკონომიკური მოდელი, რომელიც მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებას და ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს. ე.წ. ჩამოდინება არ ხდება რასაც მიუთითებდნენ ამ რეფორმების დამამკვიდრებლები, აღინიშნა დისკუსიაზე.

ამ მოდელის ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენს კონსტიტუციის 94-ე მუხლიც, რომლის მიხედვითაც, ახალი გადასახადის შემოსაღებად ან გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრის გასაზრდელად რეფერენდუმის გამართვაა საჭირო. მომხსენებლები ამ მუხლის შეცვლის აუცილებლობაზე მიუითითებენ.

დისკუსიის ბოლოს ყველა მონაწილისთვის - ჰა-ჯუნ ჩანგის "23 გარემოება კაპიტალიზმის შესახებ, რომელსაც არ გეუბნებიან" (მოკლე ვერსია) დაურიგდათ.
ასევე წარმოდგენილი იყო ფოტოები გამოფენიდან: ვისია ქალაქი?

Print