ახალი ამბები
ქუთაისში თამბაქოს ფასი გაიზარდა
FaceBook
ქუთაისში საბითუმო, თუ საცალო მაღაზიებში თამბაქოს ღირებულებამ 20 თეთრით იმატა.
სარეალიზაციო ობიექტებში ამბობენ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა ბოლო ერთი კვირის მანძილზე დაიწყო.

"ყველა დასახელების სიგარეტი არ გაუძვირებიათ. 20 თეთრით მეტი ღირს "პარლამენტი," "სობრანიე" "ემემი" და "ფილიპ მორისი," - ამბობენ ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩაზე არსებულ მაღაზიების გამყიდველები.

სიგარეტზე ფასის ზრდა კრიტიკის საგანია  მწეველებისათვის. 

"მშიერი ხალხი ეწეოდა. ახლა პროდუქტების გაძვირება არ გვაკმარეს და ახლა სიგარეტზეც გადავიდნენ," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მიშა ინანეიშვილი.

მაღაზიაში დასაქმებულთა განმარტებით, მათთვის უცნობია თამბაქოზე ფასის მატების მიზეზები.

საქართველოში თამბაქოზე ღირებულების მომატება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.

დისტრიბუტორი კომპანიები იმ პერიოდში სიგარეტზე ფასის მატებას,  აქციზე ფასის მატებით ხსნიდნენ.

ამჯერად, საქართველოში არსებულ თამბაქოს სადისტრიბუციო კომპანიებში თამბაქოს გაძვირებას იგივე მიზეზს უკავშირებენ.

"თამბაქოზე სრულად მოხდა ათვისება სააქციზო გადასახადის, რის გამოც სიგარეტი გაძვირდა," - ამბობს თამბაქოს რეალიზატორი კომპანია "ფილიპ მორისი საქართველოს" მენეჯერი ნონა მამულაშვილი. 


Print