ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს გაფრთხილება მისცა
FaceBook
ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მოაჯირების და დეკორატიული ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს მერიამ გაფრთხილება მისცა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტროტუარების მოწყობა განსაზღვრული მასალით არ ხდებოდა, რისთვისაც კომპანიამ შენიშვნა მიიღო. თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, ასევე უხარისხოდ იყო დაწყებული ბორდიურებზე მოაჯირის მონტაჟიც. 

"უხარისხოს არ ჩავიბარებთ, ამიტომ რაც გააკეთა კომპანიამ ის დავიწუნეთ და ახლა აკეთებს თავიდან. ამ დროისთვის მას ფულადი ჯარიმა არ დაკისრებია, მხოლოდ სიტყვიერად გავაფრთხილეთ", - განმარტავენ მერიაში.

ქუთაისში, ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირების კეთილმოწყობით სამუშაოებს კომპანია "მიმდემი" ახორციელებს. ორგანიზაციამ მისი რეკონსტრუქციის პასუხიმგებლობა მერიის მიერ მიმდინარე წლის 15 მარტს გამოცხადებული ტენდერის (SPA170004282) 70 329 ლარის ღირებულება) შედეგად მიიღო.

სახელმწიფო შესყიდვაში, სადაც მონაწილეობას შპს მიმდების გარდა, კიდევ ოთხი კომპანია (შპს "თაგი", შპს დაგი", შპს "ნიუ-იბერია", შპს ელიტ ბილდერს გრუპი) მონაწილეობდა. ვაჭრობის შედეგად კი, სამუშაოების შესრულება, 53 896.81 ლარის სანაცვლოდ შპს მიმდემს" ერგო.

ხელშეკრულების მიხედვით, ის ვალდებულია არსებული დაზიანებული ლითონის მოაჯირი მოხსნას და მის ნაცვლად, ლითონის  ახალი მოაჯირები დაამონტაჟოს.

რაც შეეხება, ტროტუარების მოწყობას, მერიამ ამ სამუშაოების განსახორციელებლად 140 945 ლარის ღირებულების ტენდერიც (SPA170004281) მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვაში მხოლოდ ერთი კომპანია შპს "არადანი" მონაწილეობდა და შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა სამუშაოების შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ განხორციელება.

კომპანიასა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, "არადანს" დავით და კონტანტინეს ქუჩაზე დაზიენბული ბეტონის ფენების დემონტაჟი უნდა განახორციელოს დ მის ნაცვლად, დეკორატიული ფილები უნდა დააგოს.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლები ქუთაისიპოსტთან საუბარში ირწმუნებიან, რომ მათ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

"ჯერ მე მაქვს ვადა რომელიც არ დასრულებულა. მე არავითარი გაფრთხილება არ მიმიღია" -  განმარტავენ კომპანია "მიმდემში".
ანალოგიურად უარყოფენ  კომპანია "არადნაშიც". 

"არავითარი გაფრთხილება მე არ მიმიღია და არც მივიღებ ცხოვრებაში", -  ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრისას "არადანის" წარმოამდგენელი, მამუკა თევდორაძე. 

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიებმა სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში უნდა დაასრულონ.
Print