ახალი ამბები
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
FaceBook
მართლმადიდებელი ელესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლი - წმინდა ანდრია მოციქული დაიბადა ბეთსაიდაში, იგი წმ. იოანე ნათლისმცემლის უახლოესი მოწაფე იყო და მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს.
ქრისტიანობის საქადაგებლად წილის ყრისას, ქართლის მოქცევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად. მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მაცხოვარი გამოეცხადა და აუწყა, რომ წმ. ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა ქართლში და თან წარეტანებინა მისი (ღვთისმშობლის) ხელთუქმნელი ხატი. წმ. ანდრიამ პირველად იქადაგა დიდაჭარაში, ააშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, შემდგომ მოაქცია მესხეთი და დაადგინა ეპისკოპოსები. წმ. ანდრიამ მცირე ხანი დაჰყო აწყურში, მოაწყო ეკლესია და დაასვენა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. მან იქადაგა კლარჯეთში, არტანუჯში (არტაან-კოლაში), სომხითსა და პართეთში, შემდეგ წავიდა იერუსალიმში. საიდანაც ნეტარი ანდრია, წმ. მატათასთან და წმ. სვიმონ კანანელთან ერთად დაბრუნდა ქართლში, იქადაგეს სამეგრელოსა და სვანეთში - სადაც წმ. მატათა დარჩა, ოსეთსა და აფხაზეთში - სადაც მიიცვალა წმ. სვიმონ კანანელი, წმ. ანდრიამ შემდგომ იქადაგა ჯიქეთში. ნესტორ მემატიანეს ცნობით, წმ. ანდრია სკვითთა ქვეყანაშიც (დღევანდელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია) იყო. უკანასკნელად მან იქადაგა ქ. პატრებში (საბერძნეთი). 
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 12 მაისს და 13 დეკემბერს.
12 მაისი, გამოცხადებულია უქმე დღედ.




Print