ახალი ამბები
საბინაო სამსახურის დაგვიანებული ანგარიშის მუსიკალური პრეზენტაცია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურმა, 2016 წლის ანგარიში 5 თვის შემდეგ წარადგინა.
სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, ეს მათ მიერ განხორციელებული უპრეცენდენტო სამუშაოებით იყო განპირობებული.

"წინა წლებთან შედარებით გაცილებით გვიან მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საბინაო სამსახურის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული იყო 2016 წელი შესრულებული სამუშაოების მიხედვით. 977 ახალი ან განახლებული ობიექტი შეემატა ქალაქს, "- განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

პრეზენტაციაზე სამსახურის მიერ გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები არასამთავრობო სექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს.

პრეზენტაციის ბოლოს კი მუსიკალური კლიპი წარმოადგინეს, სადაც სამსახურის თანამშრომლების საველე სამუშაოები და სამსახურის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია  ასახული.



პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი პროექტი ეზოების კეთილმოწყობა იყო.

შესრულებული პროექტები პრეზენტაციაზე  მუნიციპალიტეტების მიხედვით წარმოადგინეს. ყველაზე მეტი პროექტი ავტოქარხნის, ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა.

სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, საბინაო სამსახურის 15 პროგრამიდან რამდენიმე უახლოეს 2 წელიწადში საბოლოოდ ამოწურავს თავის თავს, რადგან მათ უკვე თითქმის მოიცვეს მთელი ქალაქი.

მისივე თქმით, მაგალითად, ქალაქში ლიფტების მხოლოდ 5%-ია დარჩენილი შესაკეთებლი.

ასევე, მალე დასრულდება ეზოების კეთილმოწყობის პროგრამა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იყო 2016 წელს.

გასულ წელს ასევე კეთილმოეწყო ცენტრალური გზიდან საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზები, გადასახური მასალა გადაეცა 72 ღატაკ ოჯახს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40 ლიფტს, შეკეთდა 39 სპორტული მოედანი, დამონტაჟდა 7 ტრენაჟორი და 12 ატრაქციონი, 6 კორპუსში ჩაუტარდა რეაბილიტაცია პარაპეტს, დაიდგა 238 ძელსკამი, ხოლო თავისუფალი ინიციატივების ფარგლებში, რაც საბინაო სამსახურის ნოვაციაა, 5 პროექტი დაფინანსდა.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის 2016 წლის ბიუჯეტი 6 000000 ლარს შეადგენს.

Print