ახალი ამბები
ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე რეაბილიტაციის მიღმა 15 შენობა რჩება
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, მერიის მიერ დაწყებული ფასადების რეაბილიტაციის მიღმა, 15 შენობა რჩება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ და შესაბამისად, აღნიშნული შენობების რეაბილიტაციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ თანხმობა არ გასცა.

ქუთაისიპოსტი ამ საკითხზე სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თამარ მეფის ქუჩაზე ძეგლის სტატუსის მქონე 15 შენობის რეაბილიტაციის პროექტზე შენიშვნები ჰქონდათ.

"შემოტანილ სამუშაო მასალებზე გვქონდა კონკრეტული შენიშვნები. ქუთაისის მერიამ სრულად უნდა წარმოადგინოს საბუთები, სწორად უნდა იყოს შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმა. ველოდებით მერია როდის შემოიტანს სააგენტოში ცვლილებებს და კორექტივების შემდეგ საბჭო განიხილავს მას. რაც შეეხება დანარჩენ შენობებს, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ აქვთ, ქუთაისის მერის თხოვნით, სიტყვიერი შეთანხმებით, დავრთეთ ნება, რომ დაიწყონ მათი რეაბილიტაცია," - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, ქუთაისის მერიას, ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე, კონკრეტული მითითებები მიმდინარე წლის 27 აპრილს მისცეს.

სააგენტოში ამბობენ, რომ მათი რეაბილიტაციის ნებართვის გაცემის ვადები ქალაქის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

თუ როდის წარადგენენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კორექტირებულ დოკუმენტაციას, ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა და ეს მალე მოხდება.

რაც შეეხება იმ 29 შენობას, რომელსაც ძეგლის სტატუსი არ აქვს, მათი რეაბილიტაციისთვის 756 770 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA170007180) მიმდინარე წლის 22 მაისს გამოცხადდა.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიათან ხელშეკრულების დადებიდან 190 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის 65% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დარჩენილ ნაწილს კი ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება - შენობების ჩამონათვალი (ფოტო)
Print