ახალი ამბები
"4 წლის სწავლა წყალში გვეყრება" - მეორე უარი ქუთაისში მცხოვრებ ერაყელი სტუდენტის ოჯახს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტის ოჯახმა, მეუღლემ და ოთხი წლის შვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ბინადრობის ნებართვაზე უარი მეორედ მიიღო.
ესამ მუჰსენ ალოანის ოჯახს ბინადრობის უფლებაზე უარი პირველად მიმდინარე წლის 7 აპრილს ეთქვა. მეორედ უარი კი, მიმდინარე წლის 18 მაისს მიიღეს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ესამ მუჰსენის ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში ნათქვამია, რომ დედა–შვილის მიმართ არსებობს "უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

კერძოდ, არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ხოლო "გ" პუნქტში წერია, რომ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტის ოჯახს მეზობლები დადებითად აფასებენ. 



გადაწყვეტილება ბუნდოვანი და მიუღებელია უცხოელთა სამართლებრივი დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებლისთვისაც, რომელიც წლებია ამ საკითხებზე მუშაობს.

ადვოკატი გიორგი კვაშილავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მის პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა იუსტიციის სამინისტრო ბინადრობაზე უარს ზუსტად იმ მუხლებითა და პუნქტებით "უსაბუთებს" უცხოელებს, რითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

"აქ პრობლემა არ არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიმართ, აქ პრობლემაა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომელიც პირებს ეუბნება უარს. კითხვები კონკრეტულად მათი მისამართით არსებობს, რადგან მათი მხრიდან არ არის არაფერი დასაბუთებული და პირს არანაირი სამართლებივი ბერკეტი არ გააჩნია იმისა,  რომ გაიგოს ამის მიზეზი", -  განმარტავს ადვოკატი.

სამ მუჰსენი საქართველოში სასწავლებლად 2013 წელს, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა.

ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე–4 კურსის სტუდენტია. მისი სპეციალობა ექვსწლიანია. ამიტომ სტუდენტს საქართველოში დარჩენა 2020 წლამდე უწევს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ბოლომდე შეძლებს თუ არა სწავლის დამთავრებას. მისი თქმით, ის იძულებულია 4 წლის შვილი და მეუღლე საქართველოდან გაუშვას და თვითონაც გაყვეს. ის ამბობს, რომ 4 წლიანი სწავლა დასრულებულია და სწავლასა და იურიდიულ მომსახურებებში გადახდილი თანხა წყალში ჩაყრილი.



მსგავსი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსგან პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წელს ქუთაისში მცხოვრებ ერაყელ სტუდენტებს, მათ შორის, ესამ მუჰსენსაც, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრეს. თუმცა, მაშინ იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და სტუდენტებს ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ

ერაყელ სტუდენტებს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს

სახალხო დამცველის აპარატმა ერაყელი სტუდენტების საქმის შესწავლა დაიწყო

"ჩემი 4 წლის შვილი საქართველოსთვის საშიშია?" – ერაყელი სტუდენტი დახმარებას ითხოვს

ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ საიამ ერაყელ სტუდენტს დახმარება შესთავაზა


"უცხოელი სტუდენტების სწავლის უფლება საქართველოში ირღვევა"

Print