ახალი ამბები
ქუთაისის მერია კომპანიას, რომლემაც ნაძვის ხე მოჭრა, სასამართლოში უჩივის
FaceBook
ქუთაისის მერია იმ კომპანიის წარმომდგენლებს უჩივის, რომელთა გადაწყვეტილებითაც რუსთაველის ქუჩაზე ხე მოჭრეს. საუბარია შპს "ალფა+"-ზე, რომელმაც სამი დღის წინ ნაძვის ხე მოჭრა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ კომპანიის წინააღმდეგ საჯარიმო ოქმი 20 მაისს შეადგინეს, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ორშაბათს, 22 მაისს გადაეგზავნება. 

მერიაში განმარტავენ, რომ საჯარიმო ოქმის თანახმად, რუსთაველის ქუჩა #95- ში არსებულ სკვერში ხის მოჭრის გამო, მერია კომპანიის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერის განადგურების ფაქტი ადგილობრივებმა დღეს გააპროტესტეს.

რუსთაველის # 95 -ში, სადაც 4 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა შენდება, ორი დღის წინ ნახევარსაუკუნოვანი ნაძვის ხე მოჭრეს.

ადგილობრივთა თქმით, სკვერი, ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელს, გელა გაგუას ეკუთვნის, თუმცა, ტერიტორია შპს "ალფა +"-ის ხელმძღვანელის, ინდ.მეწარმე, მამუკა ორმოცაძის სახელზე აქვს გადაფორმებული.

რუსთაველის # 95-ში არსებული ტერიტორიის ფლობას არ ადასტურებს ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა. იგი ასევე უარყოფს ადგილობრივთა ინფორმაციას, კერძო პირის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისთვის ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენების შესახებ.

გელა გაგუასთან კავშირს უარყოფს მამუკა ორმოცაძეც, თუმცა, ნაძვის მოჭრის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მის ნაცვლად ადგილზე საუკეთესო ჯიშის ნაძვის ხეების დარგვას აპირებს.

რუსთაველის #95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთი ნაწილი, შპს "ალფა +"-სს ქუთაისის მერიამ 2015 წელს, 50 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით, მორიგების შედეგად გადასცა.

მერიასა და ორმოცაძეს შორის დავის საგანს რუსთაველის # 108-ში შეძენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა, სადაც ორმოცაძე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, მას ამის უფლება ადგილობრივებმა არ მისცეს. 2014 წელს კი ორმოცაძეს ქუთაისის მერიამ მშენებლობის უფლება შეუჩერა და სანაცვლოდ რუსთაველის # 95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთ ნაწილში 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაუცვალა.

ისევე, როგორც, რუსთაველის # 108–ში, სკვერში მშენებლობას რუსთაველის # 95-ში მცხოვრებლებიც იმთავითვე შეეწინააღმდეგნენ და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა, დღემდე სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან. მათი თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა და საქმეს შეგნებულად აჭიანურებს.

ამავე თემაზე:

"დაგვიბრუნეთ სკვერი" - ქუთაისში ნაძვის ხის მოჭრის ფაქტს აპროტესტებენ

მშენებლობას შეწირული ნახევარსაუკუნოვანი ნაძვი (ვიდეო)

ქუთაისის მერიამ სკვერი გაყიდულ მიწის ნაკვეთში გაცვალა - რაზე მოურიგდა ხელისუფლება კერძო მესაკუთრეს

Print