ახალი ამბები
მშენებლობას შეწირული ნახევარსაუკუნოვანი ნაძვი (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის # 95 -ში, სადაც 4 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა შენდება, ორი დღის წინ ნახევარსაუკუნოვანი ნაძვის ხე მოჭრეს. 


115 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომელიც მშენებლობის მიზნით რამდენიმე დღის წინ შემოიღობა, თავდაპირველად სამი ხე იყო, რომელთაგან ერთი ხე შპს "ალფა +"ის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ მოჭრეს, ორი ხე კი გახმა.



ადგილობრივთა თქმით,  სკვერი,  ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელს, გელა გაგუას ეკუთვნის, თუმცა, ტერიტორია შპს „ალფა +“-ის ხელმძღვანელის, ინდ.მეწარმე,  მამუკა ორმოცაძის  სახელზე აქვს გადაფორმებული. ადგილზე კი ამავე ააიპის დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკა მუშაობს.


რუსთაველის  # 95-ში არსებული ტერიტორიის ფლობას არ ადასტურებს ააიპ „სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელი,  გელა გაგუა. იგი ასევე უარყოფს ადგილობრივთა ინფორმაციას,  კერძო პირის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისთვის  ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენების შესახებ.


გელა გაგუასთან კავშირს უარყოფს მამუკა ორმოცაძეც, თუმცა,  ნაძვის მოჭრის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მის ნაცვლად ადგილზე საუკეთესო ჯიშის ნაძვის ხეების დარგვას აპირებს.


რუსთაველის #95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთი ნაწილი,  შპს „ალფა +“-სს  ქუთაისის მერიამ 2015 წელს, 50  წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით, მორიგების შედეგად გადასცა.

მერიასა  და ორმოცაძეს შორის დავის საგანს რუსთაველის  # 108-ში შეძენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა, სადაც   ორმოცაძე  მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, მას ამის უფლება ადგილობრივებმა არ მისცეს.  2014 წელს კი ორმოცაძეს ქუთაისის მერიამ მშენებლობის უფლება შეუჩერა და სანაცვლოდ  რუსთაველის # 95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთ ნაწილში 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაუცვალა.

ისევე, როგორც,  რუსთაველის # 108–ში, სკვერში მშენებლობას რუსთაველის # 95-ში მცხოვრებლებიც იმთავითვე შეეწინააღმდეგნენ და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა, დღემდე  სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან. მათი თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილების  მიღებამდე მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა და საქმეს შეგნებულად აჭიანურებს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ  შპს „ალფა+“-ის წარმომადგენელს ნაძვის მოჭრა აკრძალული ჰქონდა და ამის გამო მას ადგილობრივი ხელისუფლება დააჯარიმებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ სკვერი გაყიდულ მიწის ნაკვეთში გაცვალა - რაზე მოურიგდა ხელისუფლება კერძო მესაკუთრეს

Print