ახალი ამბები
საჯარო სკოლა ქუთაისში, სადაც გაკვეთილები მშობლებმა ჩაატარეს
FaceBook
ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში ინოვაციური გაკვეთიელების ციკლი დასრულდა.
ისინი მესამე კლასის მოსწავლეებს 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში კლასის დამრიგებლის ინიციატივით უტარდებოდათ.

ნადირობა, თევზაობა, ჰიგიენა, საიდან მოდის შუქი, ცხოვრების ჯანსაღი წესი - ცურვა, აეროპორტი, როგორ მზადდება ფეხსაცმელი და იერუსალიმი - ამ თემებზე გაკვეთილები მოსწავლეებს მშობლებმა ჩაუტარეს. ისინი პედაგოგმა პროფესების მიხედვით შეარჩია. მშობლებმა ბავშვებისთვის პრეზენტაციები და ვიზუალიზაციები მოამზადეს.

"პრეზენტაცია გავაკეთე ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ვთვლი, რომ აუცილებელია ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე მიიღონ განათლება, იცოდნენ ვარჯიშის, სწორი კვების და ცურვის მნიშვნელობის შესახებ, ჩამოუყალიბდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები," - აღნიშნა მესამეკლასელი მოსწავლის მშობელმა, ირმა აბულაძემ.

მოსწავლეების თქმით, მათი განსაკუთრებული დაინტერესება ჰიგიენის გაკვეთილმა გამოიწვია.

"ჰიგიენის პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ, რას ნიშნავს ჰიგიენა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა დაიცვას ის. როგორ უნდა მოუარონ ბავშვებმა ხელებს, კბილებს, პირის ღრუს,"- ამბობს მშობელი, სოფიკო ჯაფარიძე.

მე-40 საჯარო სკოლაში ინოვაციური გაკვეთილების ჩატარება მესამე კლასის დამრიგებლის, ლალი ქობულაძის იდეაა. მისი განმარტებით, მეცადინეობების მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარება, ამავე დროს, სასკოლო ცხოვრებით მშობელთა დაინტერესება და მათი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაა.

"ბავშვებისთვის ასეთი მეთოდით სასწავლო პროცესი გახდა სახალისო და საინტერესო. განსაკუთრებით მოეწონათ, როცა მშობლებს ხედავენ მასწავლებლის როლში. აღსანიშნავია, რომ დედებთან ერთად, პრეზენტაციების მომზადებაში, მამებიც ჩაერთნენ. ერთ-ერთი მათგანი სკაიპით იერუსალიმიდანაც კი ჩაგვერთო. პროექტის დადებითი მხარე ისიცაა, რომ პრეზენტაციები აიტვირთება ელექტრონულად და ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის პედაგოგებსაც, ექნებათ მათი გაცნობის საშუალება," - ამბობს ლალი ქობულაძე.

ინოვაციური გაკვეთილების ფარგლებში, მე-40 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, თითოეულ თემაზე, კედლის გაზეთები და ილუსტრაციები თვითონ დაამზადეს.

ლალი ქობულაძის განმარტებით, მსგავსი პროექტი მომდევნო სასწავლო წელსაც გაგრძელდება, წელს კი ის ექსკურსიით დასრულდება.

Print