ახალი ამბები
თემურ ცამციშვილის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 30 მაისს გამოაცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ცამციშვილს, სასამართლოში კიდევ ერთხელ უჩივლა.
ქალაქის ხელისუფლება ცამციშვილს პოსტზე ყოფნის დროს სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად ბიუჯეტისთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში ადანაშაულებს.

მხარის პოზიციით, თემურ ცამციშვილმა შპს "შპს"–სთან ტრანსპორტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, იმაზე უფრო მეტი თანხის სანაცვლოდ გააფორმა, ვიდრე კომპანიას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად რეალურად ესაჭიროებოდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამის გამო, ქალაქის ბიუჯეტმა 6 380 ლარი დაკარგა.

სწორედ ამ თანხის გადახდას ითხოვს ქუთაისის მერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსისგან.

ცამციშვილის წინააღმდეგ მოირიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 18 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

"კილომეტრაჟი დათვალეს და გადაწყვიტეს, რომ თემურმა არ იცოდა თბილისიდან ქუთაისამდე მანძილი და რომ მან სამსახურებრივი გულგრილობის გამო, ვერ გათვალა რეალური ხარჯები და ბიუჯეტს ზარალი მიაყენა. მერია ახლა ცდილობს, რომ საქმე სამოქალაქო ჭრილში გადაიტანოს და კიდევ ერთხელ გადაადხევინოს თემურს ეს თანხა", – ამბობს თემურ ცამციშვილის ადვოკატი, ვალერი თევდორაძე.

ცამციშვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილეებით, ამავე საქმეზე, როგორც  სისხლის სამართლის საქმეზე,  ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადახდილი აქვს 6000 ლარი.

თავად, თემურ ცამციშვილი მის მიმართ დაწყებულ ახლა უკვე სამოქალაქო დავას, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ მხარეს მის წინააღმდეგ არგუმეტები არ აქვს.

"ეს საქმე არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. თვითონ არ იციან რას მედავებიან. მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი. ხანდაზმულობაც გასულია უკვე ამ საქმეზე. თუ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, მათ არ აქვთ არანაირი შანსი", – ამბობს პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ცამციშვილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსის საქმეზე,  30 მაისს გახდება ცნობილი.

თემურ ცამციშვილი  ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია თემურ ცამციშვილისგან 6000 ლარის გადახდას ითხოვს

"ცამციშვილმა განაჩენი კარგად წაიკითხოს" -ქუთაისის მერიის პასუხი "გირჩს"


Print