ახალი ამბები
ქუთაისში მესხიშვილის ქუჩის პირველ და მე-3 შესახვევებში გზის რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისიპოსტზე გაშუქებული ინფორმაციის შემდეგ, ქუთაისის  მერია მესხიშვილის ქუჩის 1 და მე-3 შესახვევების ამორტიზებული გზის საფარს რეაბილიტაციას ჩაუტარებს
ამის შესახებ მიმდინარე წლის 18 მაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის ვიცე-მერმა, კონსტანტინე ქავთარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მესხიშვილის ქუჩის ორივე შესახვევი კაპიტალურად შეკეთდება, რაზეც ჯამში 170 000 ლარი დაიხარჯება.

ვიცე-მერი განმარტავს, რომ საკრებულო სხდომაზე დამტკიცებული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდს გადაეგზავნება, საიდანაც თანხის განისაზღვრა უნდა მოხდეს.

მესხიშვილის ქუჩის მე-3 შესახვევში მცხოვრები მოსახლეობა სამი კვირის წინ ჩვენთან  განმარტავდა, რომ გზა უკვე წლებია მწყობრიდანაა გამოსული და როგორც ავტომობილებით, ასევე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

"უამინდობაში ტალახით ვართ შეწუხებული უკვე მერამდენე წელია და კარგ ამინდში მტვერი გვახრჩობს. ამდენი ხანია ვითხოვთ დახმარებას და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ისე მაინც გაგვიკეთონ, რომ გავლა შესაძლებელი იყოს,"- ამბობდნენ ადგილობრივები.

ამ საკითხის გაშუქების დროს ქუთაისის მერიაში კი გაგვიცხადეს, რომ შესახვევებში გზის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ 2017 წლის დასასრულს, საკანალიზაციო ქსელის მოწყობის შემდეგ განხორციელდებოდა.

ქუთაისის ვიცე-მერი, კონსტანტინე ქავთარაძე იმედოვნებს, რომ რეგიონალური განვითარების ფონდთან პროცედურული საკითხები მალე დასრულდება, რის შემდეგაც გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.


Print