ახალი ამბები
"ქუჩა უნდა იყოს თავისუფალი" - ქუთაისში ქუჩაში დადგმულ პურის ჯიხურებს აპროტესტებენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან არსებული მაღაზიის მეპატრონეები მათ წინ, ქუჩაში დადგმულ ჯიხურების განთავსებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ, ამით არაჯანსაღი კონკურენცია იქმნება, რაც მათ მცირე ბიზნესს ხელს შეუშლის. საუბარია, მიმდებარე ტერიტორიაზე ახლადდადგმულ  ჯიხურებს, სადაც პური იყიდება. 



ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან არსებული 17 მაღაზიის მფლობელები აცხადებენ, რომ უკვე ორი კვირაა წაგებაზე მუშაობენ.

"ისინი 50 თეთრიან პურს ჩაბარების ფასში ყიდიან ქუჩაში. ჩვენ კი, მაღაზიებში ყველა წესის დაცვით ვმუშაობთ და ამის გამო ვიჩაგრებით. ორი კვირაა ერთი პური არ გამიყიდია, დაგვაქცია ამ მთავრობამ", - აცხადებენ მაღაზიის მეპატრონეები.

"40 თეთრად ყიდიან და ხალხიც იქ მიდის. მასე თუ არის ჩვენც არ გადავიხდით ქირას და გარეთ გამოვალთ," - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მოვაჭრე დარეჯან შალამბერიძე.

ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან არსებულ სიტუაციას პროტექციონიზმად აფასებს, პარტია "თავისუფალი საქართველოს იმერეთის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. ის მერიას მოუწოდებს, რომ მაღაზიებს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა მისცეს.

როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიამ კვების აპარატების ქუჩაში განთავსებისათვის შპს "გორა" - ზე ნებართვა 2015 წელს გასცა.

კვების აპარატების ქუთაისის სხვადასხვა ტერიტორიაზე დასადგმელად, კომპანიას 7 კვადრატული მიწის ფართობი ერთი წლის ვადით გადაეცა.

"ერთი ჯიხურისთვის ერთი კვ.მ ფართობია გათვლილი, ამიტომ სავარაუდოდ 7 ასეთი ჯიხურია ჩადგმული ქალაქში," - აცახდებენ ქუთაისის მერიაში.

კომპანია იჯარის სახით ყოფელთვიურად მერიას 40 ლარს უხდის.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ შპს "გორას" ხელშეკრულების თანახმად ვალდებულება აქვს კვების აპარატები ისეთ ადგილებზე ჩასვას, სადაც მაღაზიები არ არის.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ ფაქტზე რეაგირებას დროულად მოახდენენ და კომპანიას დღესვე მიეცემა გაფრთხილება ობიექტის სხვა ტერიტორიაზე გადაიტანის მიზნით.


Print