ახალი ამბები
ქუთაისში შუახნის ქალმა მცირეწლოვანს სცემა
FaceBook

ქუთაისში, შუახნის ქალმა მცირეწლოვანს ხიდან ტოტის მოტეხვის გამო სცემა.


არასრულწლოვანი, რომელიც კლასელებთან ერთად სკოლიდან სახლში მიდიოდა, ერთ–ერთი კორპუსის წინ არსებულ ბლის ხეზე ავიდა, რასაც ამავე კორპუსში მცხოვრები ქალბატონის პროტესტი მოჰყვა. მას შემდეგ კი რაც ბავშვი ხიდან ჩამოვიდა, შუახნის ქალბატონმა სკოლის მოსწავლეს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ბავშვს ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, მან არასრულწლოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. მომხდარის შემდეგ შუახნის ქალი აცხადებდა, რომ ბავშვმა ხიდან ტოტი მოტეხა და უარესსაც იმსახურებდა. ინცინდენტს ერთ–ერთი გამვლელი შემთხვევით შეესწრო, რომელმაც საპატრულო პოლიცია  გამოიძახა.


„გამეტებით სცემდა შუახნის ქალი ბავშვს და თან უყვიროდა, წაეთრიე აქედანო. ბავშვს სისხლი სდიოდა ცხვირიდან, ქალი კი ჯოხით მოსდევდა. ჩავერიე სიტუაციაში და გაშველება ვცადე, მაგრამ ქალი ჩემსკენ წამოვიდა აგრესიით. შენ ვინ გკითხვსო და მეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოვიძახე,  თუმცა, უკვე განყოფილებაში მისულებს ბავშვის დედამ მისაყვედურა, პოლიციას რატომ დაუძახეო. უბნელები არიან და მორიგდებოდნენ ალბათ, ხოლო, ის, რომ  არასრულწლოვანზე  ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, ეს დედამაც კი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვა“, – ამბობს თვითმხილველი.


თვითმხილველი, რომელმაც საპატრულო პოლიციას გამოუძახა, ქუთაისის რაიონული პოლიციის  # 1 განყოფილებაში დაიკითხა. დაკითხვაზე   მშობლებთან ერთად, ასევე იმყოფებოდა არასრულწლოვანიც. ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პუნქტით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგავარ ძალადობას გულისხმობს.


საქმეს ქუთაისის რაიონული პოლიციის # 1 განყოფილება იძიებს. ასაკოვანი ქალბატონი დაკითხვაზეა გადაყვანილი, არასრულწლოვანს კი ექსპერტიზა უტარდება.

 

Print