ახალი ამბები
ქუთაისის მერია შშმ პირებს ზღვაზე დაასვენებს
FaceBook
ქუთაისის მერია, ქალაქში მცხოვრები შშმ პირების კურორტზე დასასვენებლად ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. სახელმწიფო შესყიდვა (SPA170006913)18 მაისს გამოცხდდა, სადაც წინადადების მიღება 18 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება.
99 750 ლარის ღირებულების ტენდერი 285 ბენეფიცირზეა გათვლილი. შშმ პირების დასვენება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2017 წლის 15 ივნისიდან 20 სექტემბრამდე ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს.

"გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბენეფიციარების (ერთ ნაკადზე არანაკლებ 70 ბენეფიციარი) დასვენება უზრუნველყოს მაგნიტური ქვიშის სანაპიროსთან არაუმეტეს 150 მეტრის რადიუსში, კეთილმოწყობილ სასტუმროს კორპუსში.

საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული და მისადაგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. სასტუმროს უნდა გააჩნდეს პანდუსი და საცხოვრებელი ნომრები (ორი, სამი და ოთხ საწოლიანი, თითოეულ ნომერში მოწესრიგებული სველი წერტილებით). ასევე, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარების დღეში სამჯერადი კვება მაღალკალორიული საკვებით, დიაბეტით დაავადებულებისათვის დიეტური საკვებით, სამკურნალო მასაჟით, ასევე უზრუნველყოს სამაშველო და სადღეღამისო პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევა", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ადგილობრივმა თვითმმართვლობამ ტენდერზე არა მხოლოდ გამარჯვებული კომპანის განუსაზღვრა ვალდებულებები, არამედ, სატენდერო დოკუმენტაციაში განმარტებულია თუ ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ მომსახურებით. მაგალითად, ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიციარებს მიეკუთვნება:

"18 წელს ზემოთ შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციის ბენეფიციარები (საჭიროების შემთხვევაში მომვლელიც), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000; 3-18 წლის შშმ პირები და მათი მომვლელები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000; მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დახმარების საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა (ექიმის რეკომენდაცია-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100) და გარემოებების (უპირატესობა მიენიჭება მრავალშვილიან ოჯახებს) გათვალისწინებით", - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.


Print