ახალი ამბები
"ეზოებში აგვიშენეს ფაქტობრივად კორპუსები" - ქუთაისში მრავალასართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს.
მათი თქმით, კომპანია "დიზაინკომპლექსმა", რომელიც აღნიშნულ შენობებს აშენებს, ისინი მოატყუა, რადგან, თავდაპირველად მხოლოდ 8 სართულიან შენობებზე ჰქონდათ ინფორმაცია, ახლა კი შენობაზე დამატებითი სართულების მშენებლობა მიმდინარეობს.

ადგილობრივთა თქმით, ვინაიდან ისინი კერძო სახლებში ცხოვრობენ, მაღალი კორპუსები მათთვის განსაკუთრებით პრობლემურია.

"ის არ ეყოთ, რომ ეზოებში აგვიშენეს ფაქტობრივად კორპუსები, ახლა სუქნთვის უფლებასაც გვართმევენ. ცხოვრება აღარ შეიძლება აქ. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, სამშენებლო ნაგავი რაც კი შენობებიდან ცვივა, პირდაპირ ეზოებში იყრება. დღე და ღამე მაგათთვის არ არსებობს. გაუჩერებლად მუშაობენ. დაბზარულია კედლები ამდენი ვიბრაციისგან" ,– ამბობს შმიდტის ქუჩის მცხოვრები, ნინო კუხიანიძე.

ამ ქუჩაზე კიდევ ერთი მცხოვრების,  გოჩა კუპრაშვილის თქმით, ადგილზე მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და პროექტის მიხედვით 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს კომპანიას მშენებლობის ნებართვა სამჯერ გაუხანგრძლივა, რასაც ეტაპობრივად სართულების დამატება მოჰყვა.

"თავიდან გვითხრეს 8 სართულიანი იქნებაო, მერე 13 სართული გახდა, ახლა კიდევ ამატებენ და როგორც ამბობენ 16 სართულიანი უნდა იყოს. დევნილების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი შეურაცხყოფის და აბუჩად აგდების ხარჯზე" , – ამბობს გოჩა კუპრაშვილი.

ქუთაისის მერიამ რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა, ამას შპს "დიზაინკომპლექსის" დირექტორი, ზურაბ გუბელაძეც ადასტურებს. მისი თქმით, გადავადების მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო და არა სართულების დამატება.

"დიახ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენჯერმე გაგვიგრძელა მშენებლობის ნებართვის ვადა, მაგრამ ჩვენ უკანონოს არაფერს ვაკეთებთ. ხან ომი იყო, ხან ეკონომიკური პრობლემები და გაჩერდა ამის გამო მშენებლობა. სხვა მიზეზი არ ყოფილა" ,– ამბობს შპს "დიზაინკომპლექსის" დირექტორი, ზურაბ გუბელაძე.

ზურაბ გუბელაძე უარყოფს ადგილობრივთა ინფორმაციას დამატებითი სართულების მშენებლობაზე და ამბობს, რომ თავიდანვე 13 სართულის მანსარდით აშენება იყო განსაზღვრული, 16 სართულის აშენებას კი არ გეგმავს.

შპს "დიზაინკომპლექსს" ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე დევნილებისთვის 4 კორპუსის მშენებლობის ნებართვა აქვს. მათგან ერთი კორპუსი დასრულებულია და იქ დევნილები უკვე ცხოვრობენ. ორ 12 სართულიან კორპუსს კი რამდენიმე დღის წინ ხარაჩოები დაადგეს და მშენებლობა გრძელდება.

ზურაბ გუბელაძის თქმით, ჯერ კიდევ ხარაჩოებში ჩასმული კორპუსების მშენებლობა ორ თვეში დასრულდება, კიდევ ერთი კორპუსი კი 2018 წლამდე უნდა აშენდეს.

Print