ახალი ამბები
შრომითი უსაფრთხოებისთვის სამუშაო ჯგუფი იქმნება
FaceBook
საქართველოში შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონიტორინგის ჯგუფი იქმნება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფი მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოებისთვის საჭირო პრევენციულ ზომებს მიიღებს.

ჯგუფი ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს,ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება  11 მაისს, "შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. 

"შრომის უსაფრთხოების საკითხები მოწესრიგებას რომ საჭიროებს, ეს საქართველოს მთავრობისთვის ჯერ კიდევ 2012 წელს იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კოდექსში, დაფუძნდა რამდენიმე ახალი სამსახური, მათ შორის შრომის ინსპექცია, ასევე სამმხრივი კომისია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს და შრომითი დავების მედიაციის სამსახური. გარდა ამისა, მიღებულ იქნა რამდენიმე ახალი ტექნიკური რეგლამენტი. თუმცა, ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება შრომითი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ, არის ახალი კანონპროექტი, რომელზეც დაგეგმილი გვქონდა, რომ მუშაობა დასრულდებოდა წლის ბოლოს და 2018 წელს იქნებოდა განხილვა პარლამენტში, თუმცა, გამომდინარე მაღალი საჭიროებიდან, ფორსირებულად დავასრულეთ მასზე მუშაობა, რამდენიმე ტექნიკური, იურიდიული საკითხია დარჩენილი და მჯერა, რომ უმოკლეს პერიოდში პარლამენტი მას განიხილავს" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ასევე დასკვნით ეტაპზეა ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. რომელზეც მუშაობა მაღალი საჭირობებიდან გამომდინარე, ფირსირებულად უახლოეს პერიოდში დასრულდება და პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.

მიმდინარე წლის 9 მაისს ტყიბულის შახატაში სამუშაო  პროცესში 4 ადამიანი დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.



Print