ახალი ამბები
პარლამენტის წინ უსაფრთხოების კუნძული ეწყობა
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩისა და ირაკლი აბაშიძის გამზირის კვეთასთან,   უსაფრთხოების კუნძულის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  გამარჯვებული კომპანია "გლობალ სერვისი" 104 000 ლარად ახორციელებს.

კომპანიამ, მშენებლობის უფლება სატენდერო წინადადებაზე ვაჭრობის შედეგად   53 000 ლარით ნაკლებ თანხაში მოიპოვა.  

"გლობალ სერვისის" მთავარი კონკურენტი თბილისში რეგისტრირებული შპს "იმგო" იყო, რომელიც იმავე სამუშაოების შესრულებას ქუთაისის მერიას 103 999 ლარად სთავაზობდა. თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა.

კომპანიის დირექტორის, კახა მახვილაძის თქმით,  თავადაპირველად ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდნენ. თუმცა, მისივე თქმით, შესყიდვების სააგენტოსთან კონსულტაციების შემდეგ, გადაიფიქრეს.

"დისკვალიფიკაცია რისთვისაც მოგვცეს ეს არის გამოცდილებს, რომელიც ცოტა სხვა მიმართულებით გვქონდა. მართალი გითხრათ, ჩვენ გასაჩივრებასაც ვფიქრობდით, მაგრამ გავიარეთ შესყიდვების სააგენტოსთან კონსულტაცია და მათაც გვითხრეს, რომ ეს გამოცდილება არ იყო საკმარისი და დავანებეთ თავი გასაჩივრებას",-ამბობს კახა მახვილაძე. 

ქუთაისის მერიამ აბაშიძისა და 9 აპრილის ქუჩების კვეთაზე უსაფრთხოების კუნძულის მოსაწყობად 157 075 ლარიანი ტენდერი (SPA170002606) მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა.  

შპს "გლობალ სერვისმა" სამუშაოები მიმდინარე წლის  23 მისის ჩათვლით უნდა დაასრულოს.

ქუთაისის მერიამ 2015 წელს ქალაქში 10 უსაფრთხოების კუნძული მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარი დაიხარჯა.  

Print