ახალი ამბები
ქუთაისის სპორტის სასახლეში გელა დარსაძის ტურნირის ფინალური შეხვედრა მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში მიმდინარე წლის 11 მაისს, კალათბურთში, გელა დარსაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა მიმდინარეობს.

ფინალში ერთმანეთს ქუთაისის საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი" და "რუსთავი"  ხვდებიან.

2002 წელს დაბადებული სპორტსმენებს შორის ასპარეზობა მიმდინარე წლის 9 მაისს დაიწყო და მასში ოთხი გუნდი თბილისის "ორბი" , "ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემია", ქუთაისის გუნდი "ქუთაისი" და რუსთავის "რუსთავი" მონაწილეობენ.

ფინალური შეხვედრა ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.

გელა დარსაძის სახელობის ტურნირის ჩასატარებლად ქუთაისის მერიამ 8 750 ლარის ღირებულების ტენდერი 18 აპრილს გამოაცხადა.

ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულად შპს "რიქსი-2013" გამოვლინდა. დოკუმენტაციის თანახმად, მას 42 პირზე სასტუმროს მომსახურების გარდა, დარბაზის დაქირავებაც ევალებოდა.

გელა დარსაძე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, გასული საუკუნის 80-იანი წლების თბილისის დინამოს ერთერთი ლიდერი, ქუთაისის საკალთბურთო გუნდის "ქუთაისი 2010" მწვრთნელი გახლდათ.

"გელა დარსაძე ქუთაისური საკალათბურთო სკოლის ლეგენდარულ წარმომადგენელთა ზურაბ საკანდელიძის, მიხეილ ქორქიას, ნიკოლოზ დერიუგინის, ზურაბ გრძელიძის საქმის ღირსეული გამგრძელებელი და პარტნიორი გახლდათ, არაერთი დასამახსოვრებელი სეზონი ჩაუტარებია მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გადაჭიმული სახელმწიფოს საკალათბურთო ჩემპიონატში და ათწლეულის განმავლობაში ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდების პირველობათა ერთ-ერთი გამორჩეული საკალათბურთო ფიგურაც იყო,"- ასე იხსენებენ გელა დარსაძეს კოლეგები.

ლეგენდარული კალათბურთელი გელა დარსაძე 2013 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.



Print