ახალი ამბები
დევნილებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა
FaceBook
დევნილებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად ახალი პუნქტი დაემატა და უწყებიდან დახმარებას ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც მიიღებენ.
დევნილთა სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებას 2012 წლიდან გასცემს. ფულადი დახმარების მაქსიმალური თანხა 500 ლარია.

"თუ ოჯახში არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი ან ოჯახის წევრს მინიჭებული აქვს ომში დაღუპულის, მარჩენალდაკარგულის სტატუსი, მარტოხელა მშობლის ან ქვრივის სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ სამინისტროს ამ დახმარების მიღების სურვილით მიმართონ", - განმარტავენ უწყებაში.

ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის ბრძანებით, ფულად დახმარებას დევნილები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ:

სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისაც გარდაცვლილის ოჯახის წევრის დასასაფლავებელი თანხა არ აქვს შეუძლია ამ პროგრამით ისარგებლოს. ოღონდ ის რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 100 001- ზე ნაკლებს უნდა შეადგენდეს.

ასევე, შეღავათით სარგებლობისათვის დევნილი ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლები უნდა იყოს.

აგრეთვე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ უწყებისთვის განცხადებით მიმართვა. ამის გარდა, თუ ოჯახის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი.

და თუ ქირურგიული ოპერაციის საჭიროება დგას. მაგალითად, თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001- ზე ნაკლებს.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იკეთებს რაღაც ოპერაციას და მაგალითად პროგრამა თანხას სრულად ვერ ფარავს 500 ლარის ფარგლებში სამინისტროს შეუძლია ერთჯერადი დახმარება მისცეს ასეთ დევნილს ექვს თვეში ერთხელ", - ამბობს ჩვენთან საუბარში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დალი გოგოლაძე.

დევნილებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ახალი წესით სარგებლობა ბენეფიციარებს უკვე შეუძლიათ.
Print