ახალი ამბები
"დღეს საქართველოს ჰყავს ხელფასიანი სიკვდილმისჯილები" - უფლებადამცველები ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებზე
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას, რომელსაც 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

"საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" აპარატის უფროსის, პაატა ნინუას განმარტებით, საწარმოო შემთხვევებს ქვეყანაში უამრავი ადამიანი ეწირება და ამ მხრივ, სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება.

"ის რაც მოხდა ტყიბულში, თითოეული დასაქმებულის ბედია საქართველოში. რადგნად არავინ არ იცის სამუშაოდან დაბრუნდება თუ არა უვნებელი. ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ არსებობს რეალურად ქმედითი შრომითი ინსპექცია, რომელიც დასაქმებულებს დაიცავს. ეს ქვეყნის სირცხვილია. რადგან ამ პირობებში, გამოდის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელფასიანი სიკვდილმისჯილები,"- განმარტავს ჩვენთან საუბარში პაატა ნინუა.

ტყიბულის შახტაში 9 მაისს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული 4 მეშახტის ცხედარი ნაპოვნია. სამაშველო სამუშაოები თითქმის 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივ მაშველებთან ერთად, დამხმარე ბრიგადაც იყო ჩართული.

მთელი ღამის მანძილზე ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა და საპატრულო პოლიცია. ცხედრების ამოყვანა მხოლოდ დღეს, 10 მაისს დილით იქნა შესაძლებელი, რის შემდეგაც ისინი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვნეს.

ტყიბულში რჩებიან ჩამოსული მთავრობის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

შემთხვევა 9 მაისს მოხდა. მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოწყდა და შახტში ჩავარდა.

საქნახშირი ჯი აი ჯი-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით.

"დასვენების დღეებია და სწორედ ამიტომ ისინი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი," - განაცხადა საქნახშირი ჯი-აი-ჯის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.



ამავე თემაზე:

ტყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს




Print