ახალი ამბები
"დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი" - საქართველოს მთავრობა ტყიბულში მეშახტეების დაღუპვაზე
FaceBook

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში  9 მაისს მომხდარი  უბედური შემთხვევის შესახებ საქართველოს მთავრობს განცხადებას ავრცელებს.


"ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები. ტყიბულში სამთო მაშველთა დამატებითი ჯგუფი თბილისიდანაც გაემგზავრა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთო.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

ტყიბულში, შემთხვევის ადგილზე პირველივე წუთებიდან იმყოფებიან რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ყველა შესაბამისი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ტყიბულის შახტაში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

შახტაში გარდაცვლილები 14 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დღეს დილით ამოიყვანეს.


ამავე თემაზე:

ტყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს


 

Print