ახალი ამბები
ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყვანეს
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული 4 მეშახტის ცხედარი ნაპოვნია. სამაშველო სამუშაოები თითქმის 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივ მაშველებთან ერთად, დამხმარე ბრიგადაც იყო ჩართული.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა და საპატრულო პოლიცია. ცხედრების  ამოყვანა მხოლოდ დღეს, 10 მაისს დილით იქნა შესაძლებელი, რის შემდეგაც ისინი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

ტყიბულში რჩებიან  მთავრობის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა 9 მაისს მოხდა. მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოწყდა და შახტში ჩავარდა.

საქნახშირი ჯი აი ჯი-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით.

"დასვენების დღეებია და სწორედ ამიტომ ისინი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი," - განაცხადა საქნახშირი ჯი-აი-ჯის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.



თეონა ჯანელიძე
Print