ახალი ამბები
"მმართველ გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე
FaceBook
"ნაციონალი" გია თევდორაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საორგანიზაციო კომისიას მოუწოდებს, საპარლამენტო სტატუსი ქუთაისს კანონით და კონსტიტუციის ძალით შეუნარჩუნდეს.
"არ შეიძლება მმართველ გუნდს სიტყვაზე ვენდოთ. აუცილებელია ჩანაწერი არსებობდეს კონსტიტუციაში, სადაც განმარტებული იქნება, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისშია," - განაცხადა გია თევდორაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე, რომელიც დღეს, ქუთაისში მესხიშვილის თეატრში  გაიმართა.

თევდორაძის თქმითვე, კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს, მთავრობის მხრიდან ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის გაუქმების მცდელობაა.

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე, საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს 11 დღის განმავლობაში ყოველდღიურად გამართავს.

ამ საკითხებზე სახალხო-საყოველთაო განხილვა დღეს პირველად ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ჩატარდა.

ცვლილების განხილვაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არასამათავრობო ორაგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები მივიდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე აღარ არის პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.

განხილვები ქუთაისის გარდა, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთასა და რუსთავში. ბოლო განხილვა 15 მაისს თბილისში გაიმართება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.


Print