ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში სადაც საკონსტიტუციო ცვლილების სახალხო-საყოველთაო განხილვა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს, მონაწილეები შეიკრიბნენ. ცვლილების განხილვაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არასამათავრობო ორაგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები მივიდნენ.

"დღევანდელ შეხვედრაზე სამი საკითხი იქნება განხილული: პირველი, ის რომ "ქართული ოცნება" ქუთაისს უკარგავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს, მეორე - ის, რომ შემოგვთავაზეს სრულიად მიუღებელი საარჩევნო სისტემა, რომელიც პრაქტიკულად მოახდენს პირველი პოლიტიკური პარტიის ძალაუფლების უზურპაციას. ეს არის მოდელი, რომელიც მუსოლინის დროს არის შემუშავებული და სამარცხვინოა, როდესაც 21-ე საუკუნეში ასეთი ტიპის საარჩევნო მოდელი შეიძლება იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის შეთავაზებული. და მესამე - ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციის მიუხედავად ისინი ართმევენ ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას და ართმევენ პრეზიდენტს უფლებებს", - განაცადა შეხვედრის დაწყებამდე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს 11 დღის განმავლობაში ყოველდღიურად გამართავს. დაგეგმილია განხილვები ქუთაისის გარდა, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთასა და რუსთავში. ბოლო განხილვა 15 მაისს თბილისში გაიმართება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.

Print