ახალი ამბები
"მხატვრობაში რაღაც რომ თქვა საკუთარ თავს უნდა მოსცილდე" - გელა ღაჭავას ნახატების გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მხატვრისა და ფოტოგრაფის გელა ღაჭავას გამოფენა გაიმართა.

ნახატები წარმოდგენილი იყო ორ სერიად - გრაფიკული სერია და ზეთში შესრულებლი ნამუშევრები.

"ვერ ვიტყვი, რომ ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები ფერწერაა. კოლაჟია, ძველი ფულებია დაწებებული და მასზე ნახევრადგამჭვირვალე ტექნიკით არის დატანილი ნახატები. შესაბამისად, თემაც ფულთან დაკავშირებულია. გრაფიკული ნახატები კი ბიბლიური პერსონაჟების პორტრეტებია", - აღნიშნა გელა ღაჭავამ.

ავტორის თქმით ნახატებიდან ახალი არც ერთი არ არის.

მხატვარს ბოლო პერსონალური გამოფენა 1999 წელს ქონდა.თუმცა მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ გამოფენებში.

გელა რაჭავა მხატვრობასთან საკუთარ დამოკიდებულებებზე საუბრობს და გარკვეულ განსხვავებებზე მიუთითებს.

"ორი ვარიანტია. არის ადამიანი, რომელიც ხატავს და არის მხატვარი. ძალიან დიდი გასხვავებაა მათ შორის. კაცი, რომელიც ხატავს მას სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომ ლაპარაკობს ნებისმიერ თემაზე. მხატვრის სათქმელი კი რთულია. აქ შემოდის მეორე ტექსტი - კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ანუ კარგი მხატვრობა კარგ გამგონეს მოითხოვს. ჩვეულებრივ ნახატს გაგება არ უნდა", - აღნიშნავს გელა ღაჭავა.

გელა ღაჭავა იმ სირთულეზეც მიუთითებს რის წინაშეც თანამედროვე მხატვარი დგება.

"არის მხატვარი რომელიც საკუთარ სათქმელს ამბობს და შემოქმედი, რომელიც ზოგადსაკაცობრიოს ამბობს. მხატვრობაში დღეს რაიმეს თქმა ცოტა ძნელია. თუკი გინდა მხატვრობაში რაღაც თქვა საკუთარ თავს უნდა მოსცილდე სავარაუდოდ. უნდა გახდე სოციალური ფენომენი. საკუთარი თავი სოციალურ პიროვნებად აღიქვა. მხატვარი კი ყოველთვის გაურბის ამას", - ამობს გელა ღაჭავა.

გამოფენა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა „გვირილობის“ დღესასწაულის ფარგლებში.  


Print